საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების საერთაშორისო ცენტრი უქმდება. ცენტრის ლიკვიდირების დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა განათლების სამინისტრო. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შედის.
“ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე”, – ნათქვამია დადგენილებაში.
რა ფუნქცია ჰქონდა განათლების საერთაშორისო ცენტრს?
ცენტრი არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც 2014 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას.
“ცენტრი საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, შეძენილი ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში მოახდინონ.
ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო, საპარტნიორო საგრანტო და ბილატერალურ სასტიპენდიო პროგრამებს. გარდა ამისა, ცენტრი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვისაც ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამების ადმინისტრირებას.
საგრანტო პროგრამების კურსდამთავრებულები, ცენტრთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულნი არიან დაბრუნდნენ საქართველოში და სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, არანაკლებ 3 წლის ვადით, დასაქმდნენ ან გააგრძელონ მუშაობა შესაბამის სფეროში”, – ნათქვამია უკვე ლიკვიდირებული ცენტრის ვებგვერდზე.




