პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ შარშანდლის მსგავსად, ამჯერადაც უარი თქვან რუსული კანონის მიღებაზე. კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის რუსული კანონის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისი დაუშვებელია.
პარლამენტში, რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისა და პარლამენტის წინ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ გააგრძელა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების რიტორიკა იმის შესახებ, თითქოს ქვეყანას ებრძვის გაურკვეველი ძალა, ე.წ. გლობალური ომის პარტია.
პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ დასავლეთში არსებული გარკვეული ძალები ქვეყანაში პოლარიზაციას და დესტაბილიზაციას ცდილობენ. მისი თქმით, ეს ხდებოდა 2004 წლამდეც, 2004-2012 წლებშიც და მას შემდეგაც, რაც ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნებაა”. ოღონდ, კობახიძის ლოგიკით, პოლარიზაციისა მიზეზი “ნაციონალური მოძრაობა” იყო მაშინ, როცა ეს პარტია იყო ხელისუფებაში და ახლაც, როცა ოპოზიციაშია.
კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება “ამ ჩაკეტილი წრის” გასარღვევად. თუმცა, დასძენს, რომ “ყველა პრობლემას ერთი კანონი ვერ მოაგვარებს”.
“ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი. თქვენ გახსოვთ, რომ პოლარიზაცია იყო ძალიან მძიმე ფორმით გამოხატული 2004-2012 წელებშიც, მანამდეც იყო პოლარიზაცია […] ამის შემდეგ, ეს დანაშაულებრივ-პოლიტიკური ძალა დარჩა ოპოზიციაში. მან განაპირობა, რა თქმა უნდა, იმთავითვე, პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. პოლარიზაციის მაღალი ხარისხი არის შენარჩუნებული. განსაკუთრებით გამწვავდა ეს ე.წ. პოლარიზაცია, სინამდვილეში – რადიკალიზაცია, 2020, 2021, 2022 წლებში […] საზოგადოება ხომ დაიღალა ამ ყველაფრით?! ეს კონკრეტული კანონი, არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთი კანონი ვერ მოაგვარებს – იმისათვის, რომ ჩვენ პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ეს ხომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა?! ეს ხომ თქვენც გინდათ, როგორც საქართველოს მოქალაქეს?! ხომ არ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში, რომ ნაცმოძრაობამ, ყოველ წელს, უნდა სცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად, რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლების დაბრუნება ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და ეს მდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ კანონზე უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, რუსულ კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.
ამ წუთებში პარლამენტში რუსული კანონი მე-2 მოსმენით მიმდინარეობს. განხილვა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და სხდომის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატების დარბაზიდან გაძევების ფონზე მიმდინარეობს.
პარალელურად, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. დღევანდელი აქციას უერთდებიან რეგიონში მცხოვრებლებიც, რომლებიც სპეციალურად რუსული კანონის გასაპროტესტებლად, თვითორგანიზებულად ჩამოვიდნენ დედაქალაქში.