26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში აღინიშნება. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს დედაქალაქსა და ხუთ ისტორიულ ადგილზე.
მოსახლეობას და სამხედროებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ, მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სწორედ სუვერენიტეტის შესუსტებასთან და რუსეთთან დამოუკიდებულების გაზრდასთან დაკავშირებით ისმის პრეტენზიები სამოქალაქო სექტორისგან, ოპოზიციური პარტიებისგან და მეხუთე პრეზიდენტისგან.
კობახიძე ამბობს, რომ „დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი“. მან თქვა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მსგავსად დღესაც აღვივებენ სიძულვილს, თუმცა კონკრეტულად ვინ, ეს არ დაუკონკრეტებია.
„დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენს და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება“.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 107 წლის წინ საქართველომ დამუკიდებლობის აქტი მიიღო.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
ფორუმი
