კობახიძე აშშ-სთან პარტნიორობაში არსებულ „სისუსტეებზე“ საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისს სურს გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ჩინეთთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
თუმცა, აღნიშნავს, რომ თუ ჩინეთის დამოკიდებულება პარტნიორობისადმი „ყველა კუთხით ჩანს“, -სთან პარტნიორობაში „წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული სისუსტე“.
„პრიორიტეტები არა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა და პრიორიტეტები ორმხრივად განისაზღვრება. ჩინეთისგან ვხედავთ პარტნიორობის გარღმავების ინტერესს, რაც კონკრეტულ საქმიანობაშიც გამოიხატა. გააქტიურებულია ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები. ჩინური კომპანიები აქტიურად ჩართულნი არიან ეკონომიკურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო [პარტნიორობის გაღრმავებას]. გვაქვს პირდაპირი ფრენები, კოვიდის შემდეგ აღსდგა ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.
შედარებისთვის, პრემიერმა აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და მწუხარება გამოხატა, რომ ბოლო წლებია, ვაშინგტონი-თბილისის ურთიერთობებში „სისუსტეს“ აქვს ადგილი.
„რაც შეეხება აშშ-ს, წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება შესუსტებული ინტერესისა, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც გამოიხატა – უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა დაახლოებით 6-7 წელია. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებშიც. მერვე წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, საიდანაც იგზავნება მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მხრივაც არ გვაქვს კაი ვითარება. არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა. ეს საჭიროებს გაუმჯობესებას. აშშ-ს ელჩს შევხვდი, გვქონდა გულწრფელი საუბარი. გამოიხატა სურვილი უფრო ინტენსიური პარტნიორობის. ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი. დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებზე“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, აშშ-ის ახალ ელჩს, რობინ დანიგანს დადებითი წვლილი შეაქვს ურთიერთობების განვითარებაში.

ასევე დაგაინტერესებთ