“ოცნების” პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის მთავრობა არ გეგმავს პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების შეწყალებას ან ამნისტიას.
იგი ამტკიცებს, რომ “დანაშაულის” პრევენციის საუკეთესო საშუალება “სასჯელის სათანადოდ მოხდაა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ”
“ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს, ეს შემიძლია ცალსახად გითხრათ, ერთ რამეს განვაცხადებ ასევე. 2023 წელს როდესაც იყო მასშტაბური ძალადობის ერთი შემთხვევა, მაშინ სულ ერთი პირი იყო დაკავებული და ისიც მალევე შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა, მომდევნო წელს ასევე იყო მასშტაბური ძალადობა, იქ სულ 6 პირი იყო დაკავებული და აქედან ნაწილი, თუ სწორად მახსოვს, ასევე შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა. ამას ჰქონდა, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი ეფექტი. ადამიანებმა დაინახეს, რომ შეიძლება გადაწვა ქალაქი, ცეცხლი წაუკიდო პარლამენტს, პოლიციელებს შეიძლება ქვები დაუშინო, თავი გაუტეხო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და არ დაისაჯო. შეიძლება, სახელმწიფო ქონება დააზიანო, მანქანები დაწვა, პარლამენტის შენობა დააზიანო, არ დაისჯები.
ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა, ეს ისევ ამ ადამიანებისთვს, პოტენციური დამნაშავეებისთვის იყო ცუდი, ამ პრაქტიკის გათვალისწინებით გამოვიდნენ კიდევ ერთხელ ქუჩაში, ჩაიდინეს დანაშაული და აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა კონკრეტული დანაშაულისთვის. იმისთვის, რომ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ჩადენის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი.
არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია, ნებისმიერი ადამიანის ყოფნა ციხეში, როგორი დანაშაულიც უნდა იყოს და რა ტიპის დანაშაულიც, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, მკვლელობა იქნება თუ გაუფრთხილებლობით, ავტოავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვა, ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ, ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ”, – აცხადებს კობახიძე.


