კობახიძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ინვესტორის გამოვლენის კონკურსში ჩინური კომპანიის გამარჯვებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი . ის ჩინური კომპანიის შერჩევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, – უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ და განაგრძო, – ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება. ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო ეს სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ.“
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება უმაღლეს დონეზე.
29 მაისს, საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმი შეირჩა.

ასევე დაგაინტერესებთ