პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
„სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. [გაერთიანება] რომელშიც შედის ნაცმოძრაობა, რამდენიმე პარტია ერთად გამოდიან ამ არჩევნებში, ასევე კოლექტიურ ნაცმოძრაობას განეკუთვნება ახალი, გირჩ,ი დროა, ყველა ამ პოლიტიკოსს წარსულიც და აწმყოც პირდაპირ აქვს დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან“ — აცხადებს კობახიძე.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოიაზრებს პარტია „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიასაც.
„ასევე თქვენ მოგეხსენებათ არის ასეთი გაერთიანება ლელო, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნეს რეკეტში და ესეც უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი. პირდაპირ, ნაცმოძრაობის რეჟიმთან ერთად, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები იყვნენ ჩართული ბიზნესის რეკეტში, რაზეც ასევე უნდა აღსრულდეს სამართალი […].
გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან ოთხ მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები“ — აცხადებს კობახიძე.
შესაბამისად, „ოცნებას“ სურს შემდეგი პარტიები აკრძალოს:
· ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”)
· ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის;
· ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია;
· გიორგი გახარიას პარტია.
მისი თქმით, აღნიშნული პარტიების აკრძალვა შესაძლოა რამდენიმე გზით მოხდეს. კობახიძის თქმით, გამოძიება შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს, ან შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც აღნიშნულს შეისწავლის. მმართველი პარტიის ლიდერი არც საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას გამორიცხავს:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა იყოს. მარტო საკონსტიტუციოზე არ ვსაუბრობთ, შეიძლება პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, რაზეც ჩვენ შეიძლება საჩივარი მოვამზადოთ, შეიძლება საპარლამენტო კომისია შეიქმნას, შეიძლება საკონსტიტუციოში აღიძრას პროცესი.
რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა — კოლექტიური ნაცმოძრაობა. ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სამართლებრივადაც მტკიცდება […]. ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი თუ სარჩელი იქნება სათანადოდ დასაბუთებული და დამტკიცდება, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმეს,“ — აცხადებს კობახიძე.
ამასთან, პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება მანდატების გაუქმება იქნება:
„მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. მე ვფიქრობ, პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა ლოგიკური,“ — აცხადებს კობახიძე.
კობახიძის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ თუ “ოცნება” თავის გეგმას აღასრულებს, დიდია შანსია საქართველოში მხოლოდო ერთპარტიული პარლამენტი არსებობდეს, რადგან ყველა იმ პარტიის აკრძალვას აპირებენ, ვისაც წინასაარჩევნო კველვებით ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ.
მმართველობის 12 წლისთავზე, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება მუქარაა ოპოზიციის გაუქმების თაობაზე.
იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყველა კრიტიკოსს ნაციონალობას აბრალებს, თავად “ქართულ ოცნებაში” არაერთი ადამიანი ფიგურირებს, რომელიც ან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ნაწილი იყო, ან აქტიურად თანამშრომლობდა მასთან. ასეთები არიან სპეცრაზმის უფროსი „ხარება“, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობს ძალოვან უწყებებში. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდნენ პარლამენტში 2008 და 2012 წლებში გოჩა ენუქიძე და ანზორ ბოლქვაძე, ქართული ოცნების პროპორციული სიიდან ორი პირი, რომლებიც ირაკლი კობახიძემ აჭარისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატებად დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ მსხვილი შემომწირველი იყო 2012 წლის ჩათვლით და თანამდებობებსაც იკავებდა წინა ხელისუფლების დროს ნათია თურნავა — „ქართული ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
ჯერ კიდევ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო „ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია დღეს „უხილავი ხელით“ არის მართული. ხოლო „ეს უხილავი ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს […] ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს“.
ამ თემაზე წაიკითხეთ: “ოცნება” მანიპულირებს, რომ ოპოზიციის ასაკრძალად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება