ოცნების პერმიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სრულიად აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.
აქედან გამომდინარე, კობახიძე ამბობს, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.
“ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სუბიექტების მიერ ხორციელდება. როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეტადონი და ბუპრემორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.
იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულების მეშვეობით მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
