“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლებად ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს, მისი განცხადებით “ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა”.
მან “გადახვევა” და “გამონაკლისი” უწოდა 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა მოწვევას და თქვა, რომ მაშინ “რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან”.
“შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეუთო/ოდირის გარეშე ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. მისია აკვირდებოდა 2006, 2017 და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს.
დღეს 18 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ორგანიზაციის რეკომენდაციები.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია“, – წერს ბრიტანეთის საელჩო 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, – აცხადებს საელჩო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ფორუმი
