დღეს, 13 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჩინეთისა და ბელარუსის ელჩებს შეხვდა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორივე ელჩმა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების „წარმატებით ჩატარება და დამაჯერებელი გამარჯვება” მიულოცა.
ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა კობახიძეს ბელარუსის პრეზიდენტის მისალოცი წერილიც გადასცა.
კობახიძის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, „საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს“.
რაც შეეხება ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან, შეხვედრას, ადმინისტრაციის ცნობით, ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე.
ადმინისტრაციის ცნობით, ჩინეთის ელჩმა ირაკლი კობახიძეს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა შანხაიში 5-10 ნოემბერს დაანონსებული, ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.
