კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში – მედია

ირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, ჯამში, 61 განკარგულება დამალა – ისინი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის ატვირთული.
„მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობოებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, – ეს განცხადება ირაკლი მ 2024 წლის 12 აპრილს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ბათუმელებმა“ გასული წლის ივლისშიც გამოითხოვა მთავრობის ადმინისტრაციიდან ის განკარგულებები, რომლებიც არ იყო გასაჯაროებული, თუმცა, არცერთი განკარგულების ასლი ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.
აღნიშნული განკარგულებების ნაწილი მთავრობამ ჩვენი წერილის შემდეგ გაასაჯაროვა [ისინი, ძირითადად, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას შეეხებოდა], ნაწილი კი დღემდე არ არის გამოქვეყნებული [ეს განცხადებები, როგორც მაშინ მთავრობიდან მოგვწერეს – გადასახადის გადამხდელებთან გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებებს უკავშირდებოდა].
სქრინები მთავრობის ვებგვერდიდან, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი განკარგულება არ არის გამოქვეყნებული
ზემოთ აღნიშნული გასაიდუმლოებული 61 გადაწყვეტილება „ბათუმელებს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აღარ გამოუთხოვია.
„ბათუმელების“ გადამოწმებით ასევე აღმოჩნდა, რომ მინიმუმ 20-ზე მეტ განკარგულებაში გასაიდუმლოებულია, თუ ვის გადაეცა სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ან/და იჯარით. ასევე განკარგულებებში, რომლებიც ამა თუ იმ კერძო პირის[კომპანიის] საქმიანობის ხელშესაწყობად არის მიღებული – არ ჩანს, თუ ვის უწესებს მთავრობა შეღავათებს, ვისთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეაქვს ცვლილება და სხვა.
მთავრობის განკარგულებები სადაც კერძო პირების ვინაობა გასაიდუმლოებულია
მთავრობის განკარგულებები სადაც კერძო პირების ვინაობა გასაიდუმლოებულია
„ქართული ოცნების“ პრემიერმა, მ 2025 წლის 27 ივნისს ისიც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს.
სახელმწიფო ქონების გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო უწყებაც მალავს.
მაგალითად, „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონებისა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოებს ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2025 წლის 16 ივლისს წერილობით მიმართა, თუმცა, მიმართვიდან 80 დღე გავიდა და პასუხი არცერთი სააგენტოდან არ მიგვიღია.