კობახიძემ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა, მაგრამ არა ყველასთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა, მაგრამ არა ყველასთვის.
17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსვლელობას აწყობს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
კობახიძის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
გარდა ამისა, „ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე,“ — აღნიშნულია დადგენილებაში.
მსოფლიოში უკვე წლებია, 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2013 წელს ამ დღის აღნიშვნა ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისშიც სცადეს, თუმცა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.
აქციის დროს მათ რუსთაველზე ძალით გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ აქტივისტების ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადეს. მაშინ ლგბტ აქტივისტებმა აგრესიულ ადამიანებს თავი პოლიციის დახმარებით დააღწიეს. სწორედ ამის შემდეგ, 2014 წლის 17 მაისს, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ამ მიზეზით თავად იკავებს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ლგბტ აქტივისტებს უკვე წლებია, არ ეძლევათ საშუალება, ეს დღე საჯარო სივრცეებში თავისუფლად აღნიშნონ.