კობახიძემ ჩამოთვალა უნივერსიტეტების კორპუსები, რომლების გაყიდვაც არ იგეგმება

მოკლედ
· ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ორი უნივერსიტეტის, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების იდეის უარყოფისას ილაპარაკა იმ საუნივერსიტეტო შენობებზეც, რომლებიც შეიძლება გაიყიდოს.
· ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მან ჩამოთვალა კორპუსები, რომელთა გაყიდვასაც მთავრობა არ გეგმავს.
· კობახიძემ არ გამორიცხა, რომ გაიყიდოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები.
“თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით”, – თქვა კობახიძემ.
მისი განმარტებით, “ცალსახაა”, რომ არ გაიყიდება თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსები, “გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი.”
ასევე არ იგეგმება სამედიცინო უნივერსიტეტის შენობები, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს მის ხელმძღვანელობასთან და აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ.
განათლების სადავო რეფორმა, რომელიც სამთავრობო კომისიამ ათთვიანი მუშაობის შემდეგ შეიმუშავა და რომელსაც აკადემიურ სფეროში მღელვარება და წინააღმდეგობა მოჰყვა, სხვა ცვლილებებთან ერთად გულისხმობს უნივერსიტეტების შენობების გასხვისებას საინვესტიციო პროექტებისთვის.
ტექნიკურ უნივერსიტეტს მხოლოდ თბილისში 12 სასწავლო და ერთი გადამზადების კორპუსი აქვს. ასევე ფლობს და მართავს ათობით შენობებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ასევე დაგაინტერესებთ