საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში ვიზიტით იმყოფება. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, კობახიძემ განაცხადა, რომ მათ მიერ ინიციირებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დემოკრატიას ხელს შეუწყობს.
კობახიძემ აღნიშნული მას შემდეგ განაცხადა, რაც გერმანიის კანცლერმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიცია და არ მიიღოს კანონი.
“აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს. მას ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, რატომ არ უნდა დაიცვან გამჭვირვალობის პრინციპი არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობოებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
არასამთავრობოებისგან, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ და ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს, 2020 წლის შემდეგ იყო 2 შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეეცვალათ არა დემოკრატიული არჩევნებით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. მათი დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის, არალეგალური გზებითაც, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებულნი, გამოაქვეყნონ აღნიშნული ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას.
საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. […] მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამის შემდეგ პრესკონფერენციაზე პირველი კითხვა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა, ქეთევნ ქარდავამ დასვა. მან გერმანიის კანცლერს შეახსენა ამავე პრესკონფერენციაზე, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მსგავს კანონი ევროკომისიასაც აქვს ინიციირებული და “იგივე ან მსგავსი კანონი” ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც აქვთ მიღებული. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ოლაფ შოლცს ჰკითხა, რატომ არიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული იმით, იგივე ან მსგავს რეგულაციებს საქართველოც თუ შემოიღებს.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ იმ კანონის მსგავსი, რომლის მიღებასაც საქართველოში “ქართული ოცნება” უკვე მეორედ ცდილობს, არ მოქმედებს ევროკავშირში,
“ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
სააგენტო “როიტერსიდან” კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძეს, როგორ ხსნის იგი თავის სრულიად განსხვავებულ პოზიციას, როცა “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებენ გერმანიის კანცლერი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში. ან ხომ არ ფიქრობს კობახიძე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანდება ამით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხი კითხვაზე იყო ისევ იგივე: რომ კანონპროექტი აკმაყოფილებს სამართლიანობის პრინციპებს, თუმცა ხელისუფლება მზად არის დისკუსიისთვის.