“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს 10 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე შებასამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა, ოკუპირებული გალის რაიონში, ენგურის ხიდის სიახლოვეს, საბაჟო ტერმინალის მშენებლობის საკითხს.
მან “სპეკულაცია” უწოდა პროექტში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
“ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია”.
2010 წელს, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმდა შეთანხმება საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ეს დოკუმენტი გულისხმობს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გაადვილებას, საბაჟო დოკუმენტების ბეჭდებისა და ლუქების ურთიერთაღიარებასა და ასევე – სპეციალიზებული საბაჟო ორგანოს შექმნის შესაძლებლობას მეორე მხარის ტერიტორიაზე და სხვა.
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ძალაშია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და “არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ აქვს“. დამატებით, შეკითხვაზე, ანუ საქართველოს ხელისუფლება არ გაატარებს ტვირთებს რუსეთის მიმართულებით, უპასუხა, “გიდასტურებთ, რომ [ტვირთებს] არ გავატარებთ”.
სოხუმმა ცოტა ხნის წინ გაამხილა პროექტის მიზანი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპეკულაციის საგანი იყო. ტრანზიტულ-ლოგისტიკური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ევრაზიული ინტეგრაციის პლატფორმის – “მსოფლიო ხალხთა ასამბლეის” ხელმძღვანელმა ოკუპირებულ აფხაზეთში – ასტამურ ახსალბამ, ადგილობრივ გამოცემასთან, ენგურზე აგებული ახალი ტერმინალის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ასტამურ ახსალბამ აღიარა, რომ ინფორმაცია შეგნებულად იმალებოდა. მიზეზად კი რთული გეოპოლიტიკურ ვითარება დაასახელა – „აქვე მიმდინარეობს ომი, მთელი დასავლეთი რუსეთის ფედერაციას უპირისპირდება“.
ტრანზიტის პოტენციურ სქემას ახსალბა შემდეგნაირად აღწერს:
· ძირითადი ტვირთები იქნება – ფართო მოხმარების საქონელი: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბოსტნეული და სხვა.
· თუკი ტვირთი, მაგალითად ირანიდან მოდის, ირანული სატვირთო ტრანსპორტი, მძღოლთან ერთად, შეძლებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას, ოჩამჩირემდე ჩასვლას, ტვირთს ჩამოცლის სარკინიგზო ტერმინალში და დატოვებს რეგიონს.
· აუცილებლობის შემთხვევაში, ტრანსპორტი განაგრძობს გზას აფხაზეთის სიღრმეში, შესაბამისი კონტროლით.
პროექტის ავტორთა გათვლებით, სატრანზიტო დერეფნით ისარგებლებენ ირანი, ინდოეთი, აზერბაიჯანი – ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან უმოკლესი მარშრუტებით სამხრეთ რუსეთის რეგიონებამდე: დონის როსტოვამდე, კრასნოდარამდე, სოჭამდე.
საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და ყოფილი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ტერმინალის მშენებლობას განიხილავს არა როგორც ლოკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, არამედ როგორც მოსკოვის უფრო ფართო ჩანაფიქრის ნაწილს. მისი თქმით, ტერმინალს ორი მიზანი აქვს: რუსეთი უზრუნველყოს ეკონომიკური „სამაშველო რგოლით“, სანქციების ფონზე და წინ წასწიოს კრემლის სტრატეგიული გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით.
ფორუმი




