ირაკლი კობახიძემ გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ, ყველას შეხვდებოდა.
„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა.
თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ, ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი“, — თქვა ირაკლი კობახიძემ
ჯერ კიდევ 29 იანვარს განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ თუ ვინმეს უნდოდა მზია ამაღლობელის შესახებ მასთან საუბარი, ის მზად იყო ყველას შეხვედროდა.
„ყოველ ჯერზე ვაფიქსირებთ მზაობას დიალოგისთვის.
თუ მოვლენ ადამიანები, ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა საჯაროდ იქნება თუ არასაჯაროდ, ნებისმიერ ფორმატში, თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, აი, ხვალვე მზად ვარ, რომ შემხვდნენ და განვიხილო ეს საკითხი,“ – თქვა 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, გუშინ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეკრებისას, ბათუმელების მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ კიდევ ერთხელ მიმართა ირაკლი კობახიძეს, რომ ის მზად იყო შეხვედრისთვის. რასაც უკვე დღეს კობახიძემ უარით უპასუხა.
„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა,“ – ასე მიმართა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ 7 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული აქციიდან ირაკლი კობახიძეს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/jo_uilson-RqYeKP-300x200.jpeg)