„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროს მამუკა მდინარაძეს ვადამდე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება.
„მამუკა მდინარაძისათვის მორიგი უფროსი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შესახებ“ კობახიძის ბრძანება 26 დეკემბრით თარიღდება. ერთი დღით ადრე, 25 დეკემბერს კობახიძეს გამოცემული აქვს ბრძანება მდინარაძისთვის საშუალო სპეციალური წოდების „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ მინიჭების შესახებ.
მანამდე, 3 სექტემბერს კობახიძემ მამუკა მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება მიანიჭა, 23 ოქტომბერს კი — „უფროსი ლეიტენანტის”.
მაიორის წოდებით მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში არსებული საშუალო სპეციალური წოდებიდან უფროს სპეციალურ წოდებაზე გადაინაცვლა. თუმცა იმისთვის, რომ მაიორი გამხდარიყო, ჯერ კაპიტანი უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, სწორედ წოდებრივი იერარქიის ფორმალურად დაცვას უკავშირდება ორ დღეში ორი ბრძანების გამოცემა.
უფროსი სპეციალური წოდების იერარქიაში მაიორს ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი მოსდევს, უმაღლეს სპეციალური წოდებას კი გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი განეკუთვნება.
სუს-ში ხელფასთან ერთად წოდებრივ სარგოებსაც იღებენ, რომლის ოდენობებიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაზარდეს. მაგალითად, მაიორის ყოველთვიური სარგო 205 ლარია.




