„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ აშშ-ს წინა ადმინისტრაციასთან ბოლო შეხვედრის საუბრის ძირითადი დრო ბიძინა ივანიშვილის 607 მილიონს დაუთმო, რომელზეც მას ბოლო წლებია კერძო დავა აქვს.
„ივანიშვილმა მისი ფულის გამო ქვეყანა ტყვედ აიყვანა. იმიტომ, რომ თვლის, ეს 607 მილიონი, რომელიც სინამდვილეში, კერძო დავის საგანი იყო მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის, ახლა უხილავ მასონთა ლოჟას აქვს დროებით მიტაცებული და მისი დაბრუნების მიზნით ივანიშვილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა. ახლა ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკონ, რომ საბოლოო ჯამში, მან დაიბრუნოს ეს 607 მილიონი.
მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მაღალი დონის ვიზიტი, რაც შედგა საქართველოში აშშ-ს მხრიდან წინა ადმინისტრაციის პირობებში, 1-საათიანი შეხვედრიდან ირაკლი კობახიძე 45 წუთი სწორედ ამ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის დღეს უმთავრესი ამოცანაა.
მაგრამ დიდი შანსია, რომ ბრიტანეთში, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ივანიშვილმა მაინც ვერ შეძლოს ამ 607 მილიონის დაბრუნება იმიტომ, რომ შესაძლოა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ და ბრიტანეთის მიერ შესწავლის ქვეშ მყოფ პირს, არ მიეკუთვნოს. ივანიშვილი, ვისთვისაც ფული ყველაფერია, სინამდვილეში ნომერ პირველი უსამშობლო ის არის, არაფერი აინტერესებს საკუთარ ფულზე მეტად და მზად არის, რომ ივაჭროს ქვეყნით, ადამიანებით იმისათვის, რომ გამოივაჭროს თავისი 607 მილიონი. შესაძლოა, 24 ნოემბერი, როცა დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მისთვის ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდეს“- განაცხადა ბოკუჩავამ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილი წლებია შვეიცარიულ ბანკთან Credit Suisse-სთან კერძო დავა აქვს. ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს ადანაშაულებდა თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში.
2022 წლის მარტში ივანიშვილმა Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა მოუგო, თუმცა CS Life Bermuda-მ განაჩენი გაასაჩივრა.
ზარალის ბოლო შეფასებით, ივანიშვილმა Credit Suisse-ში 607 მლნ დოლარი დაკარგა. ეს თანხა დასახელდა 2022 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ორივე მხარის სასამართლო ბუღალტრებს დაავალა ივანიშვილის ზარალის უფრო ზუსტი შეფასება.
20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ 24 ნოემბერს ლონდონში საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ბერმუდაზე დაწყებულ დავასთან დაკავშირებით.
„ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან სპეკულაციურად განიხილება თემა, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცეს უკავშირდება. კერძოდ, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინა დავა სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა“, – აცხადებს თემო წიქვაძე.
დავა ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკი აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა.
ბერმუდის კუნძულებზე ექვსწლიანი დავა 2022 წელს დასრულდა, მაშინ სასამართლომ ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
თუ „კრედიტ სუისს“ საბოლოოდ შეისყიდის „იუ-ბი-სი“, ივანიშვილის მხარეს საქმე ექნება უკვე არა „კრედიტ სუისთან“, არამედ „იუ-ბი-სი“-სთან, რადგან ის გადაიბარებს ბანკის ვალდებულებებს.




