5 მაისს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას. ამავე დროს CDU/CSU-ს კონსერვატიულმა ფრაქციამ ლიდერად აირჩია იენს შპანი.
გერმანიის ახალი მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად 6 მაისს გაფორმდება, როცა გერმანიის ახალ კანცლერს კენჭს უყრიან ბუნდესტაგში. ქვეყნის ახალი კანცლერი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი იქნება. მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს ბორის პისტორიუსი.
5 მაისს ფრიდრიხ მერცმა, რომლის CDU/CSU-ს კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა თებერვლის არჩევნებში, განაცხადა, რომ სწრაფად შეუდგება გერმანიის ეკონომიკის რეფორმირებას. ახალი მთავრობა აპირებს უზრუნველყოს გერმანიის ეკონომიკის ზრდა და ამასთან ერთად – ქვეყნის თავდაცვის ხარჯების ზრდა:
„ხვალიდანვე იხილავთ მთავრობას, რომელიც მოწადინებულია წინ წაწიოს გერმანია რეფორმებითა და ინვესტიციებით“, – განაცხადა მერცმა, რომლის სიტყვებით, მისი მთავრობის ხმას „გაიგონებენ ევროპასა და მსოფლიოში“.
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მომავალი მთავრობის კანცელარიას უხელმძღვანელებს ტორსტენ ფრაი, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იოჰან ვადეპული, ვიცეკანცლერი და ფინანსთა მინისტრი – ლარს კლინგბაილი, შს მინისტრი – ალექსანდერ დობრინდტი, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი – კატერინა რაიხე, დიგიტალიზაციისა და სახელმწიფო მოდერნიზაციის მინისტრი – კარსტენ ვილდბერგერი.
ფორუმი
