„ძლიერი საქართველოს“ 2024 წელი
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სრულად წარმოადგენს რუსულ ხელისუფლებას, ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ, “რუსული კანონის” მიღებით და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაწყვეტით, მიანიშნებდა რომ მათი არჩევნების შემდგომი პოზიციაც ასეთი იქნებოდა.
26 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვა პროდასავლურმა ოპოზიციამ – ეს იყო ძალიან თვალნათელი, თუმცა, ბოლო 33 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური გაყალბებით, რუსული სპეცოპერაციით ივანიშვილმა მიიტაცა ქართველი ხალხის ხმა. რომ არა მასობრივი გაყალბება, ჩვენი შედეგი გაცილებით განსხვავებული იყო.
5 წლის პარტია ვართ, ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. შევქმენით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ახალი პარტნიორებით, წინასაარჩევნო კამპანიისას რეალურად იგრძნობოდა როგორ გაიზარდა პარტია, რამხელა პერსპექტივა გვაქვს მომავალში, რომ ავიღოთ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.
პროტესტი
გავიხსენოთ, პროტესტი 2 წლის წინ, „რუსული კანონის“ მიღებისას – შემდეგ უკან რომ გაიწვიეს და წლევანდელი, როცა მათ მაინც მოახერხეს მისი გატანა. მაგრამ საზოგადოებაში იყო იმედი იმისა, რომ არჩევნების გზით შეიცვლებოდა ხელისუფლება და შესაბამისად, ყველა ის კანონი „რუსული კანონის“ ჩათვლით. სწორედ ამ იმედით მოვიდა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან, თუმცა, რეალურად ვნახეთ, რომ ჩატარდა სერიოზული სპეცოპერაცია, რომელიც ხმების წართმევით და მასშტაბური გაყალბებით დასრულდა.
პროტესტი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ წამოსულია ხალხისგან, ის უკვე გასცდა პოლიტიკური პარტიების პროტესტს, ეს არის სრულიად ეროვნული პროტესტი, რომლის მსგავსიც, მრავალფეროვნების თვალსაზრისით ჩვენ საქართველოში არ გვინახავს. ერთი თვეა მომდინარეობს ეს პროტესტი და სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი რაც მიგვაღწევინებს მიზანს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, იგივე დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, საგარეო ზეწოლა. დღემდე არცერთმა დასავლურმა ცივილურმა დემოკრატიულმა ქვეყანამ არ აღიარა ეს არჩევნები, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულმა ეუთო/ოდირმა, IRI-მ და შესაბამისად, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ხელისუფლებაში არის ე.წ. მთავრობა, რომელიც არის სრულად არალეგიტიმური.
დღეს საქართველოში, პრაქტიკულად, ახალი საზოგადოება დაიბადა, ეს არის ის თაობა, რომელიც არაფრით დათმობს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში დასრულდება ახალი არჩევნებით და უახლოეს ხანში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით.
ე.წ. ხელისუფლებამ ვერ ამოხსნა და გაიგო ამდენი წამების, დასახიჩრების, დაპატიმრების მოუხედავად რატომ ბრუნდება ხალხი რუსთაველზე. მათ არ ესმით თავისუფლების ფასი, მათ არ იციან რეალური ღირებულებები, ისინი არიან ძველი საბჭოური მენტალობით. ეს არის განსხვავება. დღეს მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის საბოლოო დასრულების პროცესი და ეს თაობა, რომელიც დღეს ქუჩაშია, (თაობაში არ ვგულისხმობ ასაკით ახალგაზრდებს) მენტალურად ახალო თაობა ამარცხებს საბჭოთა კავშირს. ეს არის ჩემი მოლოდინი და ამას აუცილებლად ვიზეიმებთ ერთად.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, გარდა იმისა, რომ დაიბადა ახალი თაობა, დაიბადა აბსოლუტურად ახალი ბიზნეს საზოგადოება. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 35 წლის თავზე ბიზნესი, არა ერთი და ორი, არამედ 2 200 კომპანია გაერთიანდა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მათ არ ეშინიათ, პირნათლად იხდიან გადასახადებს და ვერავინ ატარებს თავის ჭკუაზე. ეს ხალხი ქმნის დოვლათს, ქმნის სამუშაო ადგილებს, ავსებს ბიუჯეტს და მათი ეს ერთობა არის აბსოლუტურად ახალი ეკონომიკური ურთიერთობის და ბიზნესის თავისუფლების ინდექსის განმსაზღვრელი, რომელზეც აუცილებლად ძალიან სწრაფად დაშენდება ძალიან სერიოზული ეკონომიკა.
იზოლირებული ოცნება და პარტნიორების როლი
გაყალბებულმა და მიტაცებულმა არჩევნებმა შედეგად გამოიღო ის, რომ არჩევნებიდან ცოტა ხანში გამოცხადდა, რომ ე.წ. ხელისუფლება წყვეტდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რითაც უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია. ამას მოჰყვა ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, ყველა ევროპულმა ქვეყანამ მკაცრად გააკრიტიკა ეს არჩევნები და არსებული ე.წ. მთავრობის წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის ფინანსური სანქციები, დიპლომატიური პასპორტების გაუქმებით. ბალტიის ქვეყნებმა ე.წ. პრემიერი და მისი მთავრობის წევრები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს, ეს არის ჯაჭვი, რომელიც არ დამთავრდება. უახლოეს ხანში ველოდებით “მეგობარი აქტის” განხილვას შეერთებულ შტატებში, ველოდებით ახალ სანქციებს. ეს ყველაფერი მიდის სრული იზოლაციისკენ, რადგან, როცა მთავრობის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრს „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანენ და მერე მას აწინაურებენ, ეს ქმედებები აძლიერებს სანქცირების პროცესს. ქვეყანა ახლაც იზოლირებულია დასავლური სამყაროსგან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს სადღაც დასრულდება, რადგან ქვეყანა ასე ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას და ვერც ე.წ. მთავრობა ქვეყნის მართვას.
„ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ დარჩება იმიტომ, რომ არ შეიძლება სანქცირებულმა ხელისუფლებამ მართოს ქვეყანა და ჰქონდეს რაიმე პერსპექტივა.
მგონი, ამას უკვე გრძნობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ე.წ. პრემიერი, რომელიც დგას ირანში ჰეზბოლას და ჰამასის გვერდით, სადაც სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ებრაელებს“, საუბარია ქვეყნებზე, რომელიც ისტორიულად არის ჩვენთან დაკავშირებული და სტრატეგიული პარტნიორია, აქ უკვე ყველაფერი ნათელია, თუ რა ორიენტაცია აქვს ამჟამინდელ არალეგიტიმურ ხელისუფლებას.
შესაბამისად, იზოლაცია ითარგმნება გაჩერებულ ინვესტიციებში, გერმანიამ შეაჩერა 235 მილიონი ევროს დაფინანსება, შეჩერდა დაფინანსება ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამ დაფინანსების უკან დგას ტექნოლოგია, ადამიანები, ხელფასები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სამხედრო წვრთნები. საქართველო შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში. ის, რაც ვაშენეთ ამ წლების განმავლობაში, რომ სტაბილური რეიტინგი გვქონოდა, გარე ინვესტიციები მოგვეზიდა, ეს ახლა ითარგმნება იმაში, რომ ტურისტი აღარ შემოდის ქვეყანაში, ყველა ხედავს, რომ გაურკვეველი სიტუაციაა. ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება მცირე და საშუალო ბიზნესზე, ბიუჯეტზე, ლარზე. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ არის ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც შეიძლება სწრაფად, რომ განიმუხტოს სიტუაცია და ქვეყანამ თავიდან დაიწყოს ნორმალურად ფუნქციონირება.
მოლოდინი
ძალიან ოპტიმისტურად ვარ განმსჭვალული ამ ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყანაში ვმოღვაწეობ, ვშრომობ, ყოველთვის აქ ვიყავი და ყველა ის პრობლემა, რაც ბოლო 35 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის მერე ჰქონია, იმის თანამონაწილე ვიყავი ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად.
სულ მაქვს იმის იმედი და მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ამაში ვარ დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სიმტკიცე, მოთმინება, სერიოზული შრომა. რაც შეეხება სურვილს, სურვილი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და ქვეყანა დაიწყებს სერიოზულ აღმავლობას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მოკლე დროში ის ენერგია, რომელიც დღეს ქუჩაში პროტესტში იხარჯება როგორ გადაითარგმნება განათლებაში, სწორ ურთიერთობაში, კორუფციის აღმოფხვრაში, ინვესტიციების შემოტანაში, ცხოვრების ახალი სტანდარტის დამკვიდრებაში, რომლის ღირსიც არის ეს ქვეყანა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევროპული ქვეყანა ვართ, გვესმის ევროპული ღირებულებები. ჩვენ ახლა გვაქვს ფანჯარა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავუბრუნდეთ დემოკრატიის მშენებლობას და რაც ყველაზე მთავარია, აღვადგინოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, რომ გვქონდეს გარანტირებული მშვიდობა, ვიყოთ დაცულები და მომავალზე ორიენტირებულები.
მამუკა ხაზარაძე
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი