კოალიცია ცვლილებისთვის გუშინ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ფაქტებით დაადასტურებენ “ხელისუფლების მიერ არჩევნების მოპარვას”.
“არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა; არავინ, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ ამ არჩევნებს არ აღიარებს; ჩვენ ფაქტებით დავადასტურებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების მოპარვას”, – წერია განცხადებაში.
***
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.
ამავე დროს, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნება 40,9% ჰქონდა, ხოლო პროევროპულ ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამურად – 51,9%.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ იზიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებით, დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. მათივე განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც დამკვირვებლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაფიქსირდა მარკირების პროცესის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში საარჩევნო კონვერტების ჩაყრა და სხვა დარღვევები.