„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია „გაუშვას „ქართული ოცნება“ და არ დაუთმონ რუსებს ქვეყანა“.
„ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ელჩებს, საელჩოების წარმომადგენლებს ვხვდებით. ძალიან კრიტიკულ მომენტშია საქართველო იმ პირობებში, როდესაც „რუსული ოცნება“ პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოხვდეს. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის სერიოზული საფრთხეა. ბუნებრივია, ჩვენ, ოპოზიცია, ვალდებული ვართ, რომ ჩვენი ხედვა, როგორ ვაპირებთ „ქართული ოცნება“ გავუშვათ, როგორ ვაპირებთ, რომ არ დავუთმოთ რუსებს ეს ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა. 13-ში ჩვენ გვაქვს აქცია. შესაბამისად, ჩვენი საპროტესტო გეგმების შესახებაც გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პატიმრებზეც, არამხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პატიმრებზე, არამედ სინდისის პატიმრებზეც“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კოალიციის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, შეხვედრის მთავარი არსი ისაა, რომ პარტნიორებს „ბრძოლის სტრატეგია“ გააცნონ.
„ამ შეხვედრის ძირითადი არსი ისაა, რომ ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, საელჩოს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია და ის, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ასევე ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს იმის წარმოდგენა, რომ რაღაც ეტაპზე სიტუაციის ნორმალიზებას მიაღწევს. არ არსებობს სიტუაციის ნორმალიზება, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და ივანიშვილის რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას. ეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმაც უნდა გაიაზრონ. ასევე, ის გზა, რასაც გავივლით იქამდე, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არსებობს. ამასთან, ვინ არიან ამ წინააღმდეგობაში კონკრეტულად, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
