ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა 5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო.
მან აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.
მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ აქტივისტები გაამართლა მათთვის წაყენებულ კიდევ ერთ მუხლში – ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სხდომაზე მხარეებმა შეისწავლეს ვიდეომტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას 16 იანვარს, დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
„არა ოლიგარქიას“ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „უსამართლო სასამართლო“ – ამ შინაარსის პლაკატებით და შეძახილებით მივიდნენ სასამართლოსთან მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას მხარდამჭერები და მათი დაჯარიმება გააპროტესტეს.
ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.
წყარო: ipn.ge