კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტს “პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას”.
“ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, აგრეთვე, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით ცნობენ ქართული ოცნების ლეგიტიმურობას, რისი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაში ივანიშვილის სახის შენარჩუნებაა.
სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს ქართული ოცნება თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალენ ბერსეს, ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას.
მივმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს: ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.