კოალიცია ცვლილებისთვის აცხადებს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ წინა ხელისუფლების “საქმიანობის შემსწავლელ” საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კოალიციის განცხადებით, პროცესის მიზანი ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანაა.
“კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.
ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.
მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე”, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
24 მარტს ქართული ოცნების არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილმა წინა ხელისუფლების “საქმიანობის შემსწავლელმა” საგამოძიებო კომისიამ ლელოს ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.