კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დავისთვის ემზადებიან – მიზეზი DRG დაფინანსების სისტემაში არსებული ხარვეზებია

კლინიკების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებისთვის ემზადება. მიზეზი DRG დაფინანსების სქემასთან დაკავშირებული ხარვეზებია.
როგორც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა “საქმის კურსში” სტუმრობისას განმარტა, ამ კლინიკებს სამინისტრო ეუბნება, რომ არასწორი დიაგნოზი დასვეს, რასაც DRG სქემიდან გამომდინარე განსხვავებული ტარიფი მიესადაგება. არჩილ მორჩილაძის თქმით, ათეულობით ასეთი შემთხვევაა, როცა კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ და დავის გაგრძელებას სასამართლოს გზით გეგმავენ.
“ჩვენს გაერთიანებას აქვს კლინიკების მომართვის რამდენიმე შემთხვევა, როცა სახელმწიფომ მათ უთხრა, რომ აი ეს დიაგნოზი თქვენ არასწორად დასვით და ამას მიესადაგებოდა სხვა ტარიფი. ათეულობით ასეთი შემთხვევაა, როცა სასამართლოში გადაინაცვლებს უკვე დავა, ვინაიდან არიან კლინიკები, ვინც ჩათვალა, რომ სწორად ჰქონდა დიაგნოზი და სწორედ შეუფარდა ის კოდი, რომელიც მას ერგებოდა. ჩვენ განვიხილეთ, ექსპერტმა დაწერა დასკვნა და საქმე წავა სასამართლოში. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია, ვისაც აქვს იმის უნარი რომ იდავოს, ამის პრეცედენტი ათეულობით გვაქვს.
DRG-მ ჩვენთან მიიღო დამახინჯებული სახე. ამაზე კლინიკებმა უფრო უნდა ისაუბრონ, რადგან ექიმებზე გადადის შემდეგ და ექიმები ვერ იყენებენ მარალტექნოლოგიური ტიპის პროტეზს, ეუბნებიან პაციენტს, რომ მოდით თქვენ თუ გინდათ რომ ეს ჩავაყენო, ამიტომ უნდა გამოხვიდეთ საყოველთაოდან. ასეთი შემთხვევების სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს, შემდეგ რამდენი დაუბრუნდა პროგრამას. მოკლედ ეს რუტინული პრობლემები გახდა, ზოგი შეეგუა, ნახა ადაპტირების გზები. ამას სჭირდება განხილვა”, – განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.
DRG-ის დაფინანსების მოდელზე სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები 2023 წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ. ამ სქემის ფარგლებში დადგენილი ტარიფები დღემდე სამედიცინო სექტორისთვის გამოწვევაა. ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, რაც ერთ-ერთი კრიტიკული იყო კლინიკებისთვის, თუმცა არანაკლებ პრობლემებთან არის დაკავშირებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაც.