სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში DRG-სთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ცნობილი გახდება და სიახლე ამოქმედდება.
ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ბოლო შეხვედრა კლინიკებისა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გუშინ, ვიწრო წრეში გაიმართა. შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და მას ასოციაციის რამდენიმე წევრი ესწრებოდა.
მაია მახარაშვილის თქმით, ცვლილებები შეეხება რეანიმაციისა და კომბინირებული ჩარევების ტარიფებს, რაც დღეს კლინიკებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემაა.
რაც შეეხება პაციენტის მხრიდან თანადაფინანსების საკითხს (მათ შორის სასურველი სახარჯი მასალების გამოყენების მიზნით), მაია მახარაშვილის თქმით, ეს თემა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
როგორც მაია მახარაშვილი ამბობს, სამინისტროსთან კლინიკის წარმომადგენლები სამუშაო პროცესში გარკვეული ციფრების შედარებამდე მივიდნენ, რაც უწყების მხრიდან ცვლილებისთვის მზადყოფნის დასტურია.
31 მაისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში DRG-ს დაფინანსების ცვლილების შესახებ გაჟღერდება.
„არის მიმართულებები, განსაკუთრებით რეანიმაციაა უპირველესი, სადაც ალბათ გადახედვას საჭიროებს დიარჯის განფასებები,“ – განაცხადა ლომინაძემ.
იმავე დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ DRG-ს საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას. ამასთან, მისივე თქმით, პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა შეხვედრები, სადაც განიხილეს DRG-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და რეფორმის შემდგომი ეტაპები და გეგმები.
შეგახსენებთ, რომ კერძო ჰოსპიტალური სექტორის ნაწილი „დიარჯის“ ფარგლებში დაწესებული ტარიფებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამ მიზეზით ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური სერვისები ვეღარ ვითარდება. ტარიფების გადახედვასთან ერთად ისინი პაციენტის მხრიდან თანაგადახდის პრინციპის შემოღებასაც ითხოვენ, რათა პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავად აირჩიონ, რა მასალებით ჩაუტარდებათ ესა თუ ის ჩარევა. დღეს მოქმედი სისტემით, მოქალაქეებს, დამატებითი სერვისების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საყოველთაო ჯანდაცვას ერთჯერადად დატოვებენ და სასურველ სერვისებს მთლიანად თავად დააფინანსებენ.
jandacva.ge