კლინიკა „ჰელსი და კომპანია“ ესთეტიკურ მედიცინაში ვადაგასულ და აკრძალულ პროდუქციას იყენებდა – GCCA-ს გადაწყვეტილება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო დაწესებულებას “ჰელსი და კომპანია” აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვადაგასული პროდუქციის გამოყენებასა და მომხმარებელზე ზეწოლას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, მოვაჭრე წინასწარ, დაგეგმილი სატელეფონო ზარებით უკავშირდებოდა პოტენციურ მომხმარებლებს და კლინიკაში ესთეტიკური პროცედურების ჩატარებას სთავაზობდა.
GCCA-ში შესული განცხადებების მიხედვით, “ჰელსი და კომპანიას“ ორმა მომხმარებელმა კოსმეტოლოგიური მომსახურების მიღების მიზნით მიმართა. პირველ შემთხვევაში, მომხმარებელმა კლინიკაში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ “ჰელსი და კომპანია“ ვადაგასულ საინიექციო საშუალებას იყენებდა, რაც ადგილზევე გააპროტესტა და ვადიანი პროდუქტით ჩანაცვლება მოითხოვა, თუმცა იმის გამო, რომ ჩამნაცვლებელი ვადიანი პროდუქტის მოძიება კლინიკამ ვერ შეძლო, მას ალტერნატივა შესთავაზეს, რომელიც მომხმარებლის განმარტებით ინიექციისთვის საერთოდ არ გამოიყენებოდა.
რაც შეეხება მეორე განცხადებას, მომხმარებელი განმარტავდა, რომ ხელშეკრულების კლინიკაში ვიზიტისას,ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, მოვაჭრე შემჭიდროებულ ვადაში (მომხმარებლის კლინიკაში ყოფნის დრო) ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლის ნებაზე ზემოქმედებას, მომხმარებლის მითითებით, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, იქვე გააფორმებინეს სესხის ხელშეკრულება ისე, რომ მას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას. ამ შემთხვევაში მოვაჭრე არასათანადოდ ზემოქმედებდა მომხმარებლის ნებაზე.
საქმის შესწავლის შეფასების და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრის მომსახურების სტანდარტი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მას გავლენა ჰქონდა მომხმარებელთა ფართო წრის ინტერესებზე“,- აღნიშნა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩანტლაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
მისივე ინფორმაციით, კლინიკას კანონით დადგენილი, ერთთვიანი ვადა აქვს, რათა აღმოფხვრას კომერციულ საქმიანობაში არსებული ხარვეზები, მომსახურების წესები კანონმდებლობას შეუსაბამოს და აღადგინოს იმ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები, რომელთაც მოვაჭრის კანონშეუსაბამო ქმედებით ზიანი მიადგათ.
„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გამოსცა მიიღო გადაწყვეტილება აგრესიული კომერციული საქმიანობის დადასტურების თაობაზე. პროცესი გულისხმობს, რომ მოვაჭრეს აქვს ერთ თვიანი ვადა, რომ კანონშეუსაბამო ქმედებები აღმოფხვრავს; ასევე კომპანიის მომსახურების წესები და პირობები შეუსაბამოს კანონმდებლობის სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ამავე ვადაში კლინიკამ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები უნდა აღადგინოს. იმ შემთხვევაში, თუ “ჰელსი და კომპანია“ არ შეასრულებს GCCA-ს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს, შეიქმნება საფუძველი, რომ მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისროს. ასეთ შემთხვევაშიც კი, როცა სააგენტო მკაცრად აკრძალულ, უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტს ადგენს, სანქცია პრევენციული ხასიათისაა. მოვაჭრის დაჯარიმება პირველ ეტაპზე, გადაწყვეტილების დადასტურებისთანავე არ ხდება, მას მაინც ეძლევა გონივრული, კანონით განსაზღვრული ვადა, რათა საქმიანობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს შეუსაბამოს“,- აღნიშნა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩანტლაძემ.