გვალვები და ზღვის დონის აწევა მთელ ერებს ე.წ. კლიმატური მიგრაციისთვის მზადებას აიძულებს. ამის შესახებ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით RBC წერს.
დაგეგმილი კლიმატური მიგრაცია თემებისა და მთელი ერების გადაადგილებაა, რაც კლიმატის ცვლილების შედეგად საცხოვრებელი პირობების თანდათანობითი გაუარესებით არის გამოწვეული. კატასტროფების შემდგომი მოკლევადიანი ევაკუაციისგან განსხვავებით, ასეთი გადაადგილება წყალდიდობების, კატასტროფული გვალვების, რესურსების გაქრობისა და ინფრასტრუქტურის განადგურების გამო სისტემური ხასიათისაა.
გაეროს მონაცემებით, ზღვის დონის აწევის ტემპი 1990-იანი წლებიდან სითბური ეფექტის გამო გაორმაგდა, ხოლო მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები შესაძლოა, მასობრივი გადასახლებების წინაშე დადგნენ. ამასთან, არსებული პროგნოზით, 2100 წლისთვის ტერიტორიები, სადაც ამჟამად 200 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წყლის ქვეშ მუდმივად მოექცევა.
რეგიონები, რომლებიც უახლოეს მომავალში შესაძლოა, კლიმატის ცვლილების შედეგად განადგურდეს, შემდეგია:
ტუვალუ
წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობას კლიმატური ცვლილების შედეგებთან გამკლავება სულ უფრო უჭირს. აქ მიწის საშუალო სიმაღლე, დაახლოებით, ორი მეტრია, ამიტომ ყოველი შტორმი ან მოქცევა წყალდიდობის საფრთხეს ქმნის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზღვის დონემ, დაახლოებით, 15 სმ-ით აიწია, რამაც ტუვალუს ინფრასტრუქტურის განადგურება და სასმელი წყლის წყაროების დაბინძურება გამოიწვია, ასევე, სასურსათო უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საუკუნის ბოლოსთვის ქვეყნის ტერიტორიის 95%-მდე შესაძლოა, წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.
ამ ფონზე, 2023 წელს, ქვეყანამ შეთანხმება გააფორმა ავსტრალიასთან, რომელმაც კლიმატური მიზეზების გამო მთელი ერის გადასახლების შესაძლებლობა მსოფლიო ისტორიაში პირველად იურიდიულად გაამყარა. პროგრამა წელიწადში 280-მდე კლიმატური ვიზის გაცემას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის შუა პერიოდისთვის, დაახლოებით, 9000 განაცხადი იყო წარდგენილი, რაც ქვეყნის თითქმის, მთელ ზრდასრულ მოსახლეობას ასახავს. გადასახლება ნებაყოფლობითია და ონლაინ-ლატარიის საშუალებით ნაწილდება, რომ თანაბარი შესაძლებლობები იქნეს უზრუნველყოფილი. ავსტრალიის ვიზის მიმღებ ტუვალუელებს ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელ ადგილი და სამუშაო, ასევე, განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა ეძლევათ.
ამასთან, ავსტრალიის ხელისუფლება მათი სამშობლოს „ციფრულ ასლს“ ქმნის. კერძოდ, „ციფრული ერის“ პროექტის ფარგლებში ტუვალუს კუნძულები და მისი კულტურული ძეგლები სკანირდება და 3D-ფორმატში იწერება, რომ გაქრობის შემდეგ ქვეყნის შესახებ მეხსიერება შენარჩუნდეს.
მალდივები
მალდივები ინდოეთის ოკეანეში 1100-ზე მეტი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. აქ ხმელეთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან მხოლოდ 1.5 მეტრია. ოკეანის დონის აწევა მალდივებს ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ქვეყნად აქცევს: მტკნარი წყლის წყაროების დამლაშება წყალზე წვდომას ამცირებს, შტორმები და ნიადაგის ეროზია ინფრასტრუქტურას ანადგურებს, ხოლო საცხოვრებლად ვარგისი მიწები სულ უფრო მწირი ხდება.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთავრობა და მეცნიერები მთელი ერის განსახლების სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. წამყვან ვარიანტებს შორის ავსტრალიასა და ინდოეთში მიწის შეძენაა. ამასთან, მუშავდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არქიპელაგის დაკარგვის შემთხვევაში სუვერენიტეტის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. მიწის დაკარგვის ნაწილობრივი კომპენსაციისა და მოსახლეობის გადინების ტემპის შესანელებლად მთავრობა ინვესტიციებს ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში დებს.
კირიბატი
კირიბატი წყნარი ოკეანის 33 ატოლისგან, ანუ მარჯნის კუნძულებისგან შედგება, რომელთა უმეტესობა შესაძლოა, წყლის ქვეშ ამავე საუკუნეში მოექცეს. აქ ხმელეთის საშუალო სიმაღლე ორ მეტრზე ნაკლებია, ხოლო ეროზია და წყალდიდობა საცხოვრებლად ვარგის ტერიტორიებს ყოველწლიურად ამცირებს. ჯერ კიდევ 15 წლის წინ მთავრობამ დაკარგული კუნძულების ადგილას ხელოვნური კუნძულების აშენება მცურავი ნავთობპლატფორმების ტექნოლოგიის გამოყენებით დაგეგმა. თუმცა გეგმა მაღალი ხარჯის გამო არარეალური აღმოჩნდა. შემდეგ, 2014 წელს ქვეყანამ ფიჯიში მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლის ფართობი, დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრია. შენაძენი სტრატეგიული რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულები გაქრება.
კირიბატზე ბიომრავალფეროვნების განვითარებასა და მომავალი დიასპორების იდენტობას, კერძოდ, მათი მშობლიური ენისა და ტრადიციების შენარჩუნების პროგრამებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ბანგლადეში
სამხრეთ აზიის ორი უდიდესი მდინარის, განგისა და ბრაჰმაპუტრას დელტაში მდებარე ბანგლადეში ყოველწლიურ წყალდიდობებს, ტაიფუნებსა და სანაპირო ეროზიას განიცდის. მიგრანტების უმეტესობა ქვეყნის შიგნით გადაადგილდება. კერძოდ, ბენგალის ყურის სანაპირო რაიონებიდან დედაქალაქ დაკაში ყოველწლიურად 400 000-მდე ადამიანი მიგრირებს. ეს შედინება ქალაქის გადატვირთვას, ფასებისა და სამუშაო ადგილებისთვის კონკურენციის ზრდას იწვევს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2050 წლისთვის ბანგლადეშში კლიმატური შიდა მიგრანტების რაოდენობა 20 მილიონ ადამიანს მიაღწევს. მეგაპოლისებზე ზეწოლის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად მთავრობა კლიმატის ცვლილების მიმართ ნაკლებად მოწყვლად ადგილებში ახალ დასახლებებს ქმნის.
საჰელის რეგიონი
საჰელი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე კლიმატური გამოწვევის მქონე რეგიონია. მის შემადგენლობაში მალი, ნიგერი, ჩადი და სუდანი შედიან, რომლებიც ხანგრძლივი გვალვებისა და გაუდაბნოების წინაშე დგანან. ეს წყლის წყაროების გაქრობასა და ტრადიციული სოფლის მეურნეობის განადგურებას იწვევს. შედეგად მთელი სოფლების მცხოვრებლები იძულებული არიან, თავიანთი სახლები მიატოვონ.
მიწისა და წყლისთვის ბრძოლა თემებს შორის კონკურენციას აძლიერებს, ხოლო რესურსებთან დაკავშირებული კონფლიქტები გადაადგილების მთავარი დრაივერი ხდება და მთელ რეგიონში უსაფრთხოებას ძირს უთხრის.
“საერთაშორისო სამართალი, კერძოდ, ლტოლვილთა კონვენცია კლიმატთან დაკავშირებულ ფაქტორებს არ ითვალისწინებს, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები კლიმატური ვიზებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სპეციალური სტატუსის შექმნას განიხილავენ. მილიონობით ადამიანის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ამოქმედდება ეს მექანიზმი,” – წერს RBC.
წყარო: bpn.ge
