“ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, დანაკარგი ბიომრავალფეროვნების კუთხით და ა.შ. – ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებების შედეგებია. ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ გამოწვევების საპასუხოდ,”- ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი პრიორიტეტები მოიცავს სუფთა და განახლებადი ენერგიისა და ტრანსპორტის ხელშეწყობას, ასევე საჯარო დაწესებულებებში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას.
“ერთად ვმუშაობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, წყლის რესურსების უკეთესად მართვაზე, ტყეებისა და დაცული ტერიტორიების დაცვაზე; ვპასუხობთ ნარჩენებისა და ინდუსტრიული დაბინძურების გამოწვევას.
ყველა ეს ნაბიჯი აისახება ჩვენს საერთო ვალდებულებაზე – დავიცვათ გარემო და ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს. საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა; ამავე დროს ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს.
ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გარემოს უკეთეს დაცვას და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
კლიმატის ცვლილება საზღვრებს არ ცნობს. ერთობლივი მუშაობით, რეალური ცვლილებები შეგვიძლია განვახორციელოთ და ყველასთვის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. საერთო მომავლის განსაზღვრაში თითოეული ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ჰერჩინსკიმ.