კლიმატის ცვლილება თვალის დაავადებების რისკებს ზრდის

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფაქტორები, მათ შორის UV რადიაცია, გენეტიკა და ასაკი იწვევს კატარაქტას, მდგომარეობას, რომელიც თითქმის 94 მილიონ ადამიანს აწუხებს, რა დროსაც მხედველობა ბუნდოვანი ხდება… ბოლო წლებში კი მეცნიერებმა ამის გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზს მიაგნეს და ეს კლიმატის ცვლილებაა.
გვეუბნებიან, რომ ტემპერატურის ცვლილება თვალის ჯანმრთელობას მრავალი რისკის წინაშე აყენებს. პირველი — პლანეტა ცხელდება, დედამიწის საშუალო ზედაპირული ტემპერატურა 2024 წელს რეკორდული იყო. სხეულის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რამაც სითბური დარტყმა შეიძლება გამოიწვიოს, მდგომარეობა, რომელიც სხეულში ბიოლოგიურ პროცესებს არღვევს. ოფთალმოლოგი ლუსია ლუკასის თქმით, თვალების შემთხვევაში, ეს ბუნებრივ დამცავ სისტემებს აზიანებს, რომლებიც ჩვეულებრივ იმ მავნე მოლეკულების დაგროვებას ეწინააღმდეგება, რომლებსაც რეაქტიული ჟანგბადის სახეობები ეწოდება.
თავად თვალის ბროლი კრისტალური ცილებისგან შედგება, რომელიც გამჭვირვალეობისთვის ორგანიზებული უნდა იყოს. რეაქტიული ჟანგბადის სახეობებს კი ამ ცილების დაზიანება შეუძლია, რამაც ადამიანი კატარაქტამდე შეიძლება, მიიყვანოს. გამომდინარე იქიდან, რომ ბროლი ვერ აწარმოებს ცილებს, რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ სიცხეში, კატარაქტის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ დავდგებით.
ამ მხრივ საინტერესოა კვლევა, რომელიც ესპანეთში 10 წლის მანძილზე მიმდინარეობდა — თითოეული გრადუსის მატებაზე 100 000 მოსახლეზე 370.8 კატარაქტას შემთხვევა ემატებოდა ყოველწლიურად. მიუხედავად იმისა, რომ კატარაქტას გამოვლენის ასაკი ჩვეულებრივ 60 წელია, რეგიონებში, სადაც ადამიანთა უმეტესობა სოფლის მეურნეობაში იყო ჩართული, კატარაქტა უფრო გავრცელებული 15-დან 49-წლამდე ასაკობრივ სეგმენტში გახლდათ.
ამ ამბავში კი დიდ როლს თამაშობს UV რადიაცია, ესეც რეაქტიულ ჟანგბადის სახეობებს აგენერირებს, რომლებიც თვალის ბროლს აზიანებს…
მართალია, კატარაქტა დღეს მსოფლიოში თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ მეცნიერები გვეუბნებიან, რომ კლიმატის ცვლილება თვალის სხვა დაავადებების რისკებსაც გაზრდის. მათ შორის კერატიტსა და კონიუნქტივიტს ასახელებენ, ერთი რქოვანას, ხოლო მეორე თვალის შემაერთებელი გარსის ანთებაა. მტვრის გამოყოფის უფრო ხანგრძლივი სეზონი და ობის ზრდა, რაც კვლავ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, ასევე ხელს შეუწყობს ალერგიით გამოწვეული კონიუნქტივიტის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ პირდაპირი ზემოქმედების გარდა, კლიმატური პირობებით გამოწვეული გვალვები ისეთი აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტს იწვევს, რომლებიც მხედველობის ნერვის დაზიანების რისკის ქვეშ აყენებს ადამიანებს, იქნება ეს ვიტამინები B12, B1 თუ B9. ხოლო, ის ფაქტი, რომ გვალვების დროს ადამიანებს ნაკლებად უსაფრთხო წყლის გამოყენება უწევს, კიდევ უფრო ზრდის თვალის ინფექციების რისკს.
როგორ დავიცვათ თვალი კლიმატის ცვლილების პირობებში?
ამ კითხვაზე პასუხს მეცნიერი როდრიგო კომინო გვაცნობს და რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:
· უნდა დაიფაროთ ქუდი და ატაროთ ულტრაიისფერი ფილტრის მქონე მზის სათვალე, რადგან ეს უკანასკნელი 38%-ით მეტ დაცვას გვთავაზობს.
· კარგი იქნება, თუ ჰიდროგელის შემცველ კონტაქტურ ლინზებს გამოიყენებთ, რადგან ასე რქოვანამდე მეტი ჟანგბადი აღწევს, რის შედეგადაც თვალი UV გამოსხივებით ნაკლებად ზიანდება
· მიიღეთ A, C, E ვიტამინებით და ტრიპტოფანით მდიდარი საკვები
· თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისგან
· ღია ცის ქვეშ მომუშავე პირებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, იმუშაონ ჩრდილში და შეისვენონ ხშირად გასაგრილებლად
მიუხედავად აღნიშნული რეკომენდაციებისა, გვეუბნებიან, რომ საუკეთესო კლიმატური სცენარების შემთხვევაშიც კი, სიცხე, გვალვა და თვალის სხვა გამაღიზიანებლები მაინც იმოქმედებს ღია ცის ქვეშ მომუშავე ადამიანებზე…
წყარო: marketer.ge