აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სან ფრანცისკოში საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხის შესაგროვებელ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა.
ბაიდენი კლიმატის ცვლილებაზე საუბრობდა, რა დროსაც თქვა: “ჩვენ გვყავს შეშლილი ნაბიჭვრები, როგორებიც არიან პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის ვღელავთ ბირთვულ კონფლიქტზე, თუმცა კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატის ცვლილებაა.”
ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელმაც საკუთარი თავი პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის შეადარა.
“რაღაცები, რასაც ის ბოლო პერიოდში ამბობს – საკუთარ თავს ადარებს ნავალნის და ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა კომუნისტური გახდა და მას ასამართლებენ ზუსტად ისე, როგორც ნავალნის. არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს.” – თქვა ბაიდენმა.