დასაქმების სააგენტო KENCHADZE.Jobs-ის დამფუძნებელი დავით კენჭაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პარტნიორმა კომპანიებმა ვაკანსიების გამოცხადება და ახალი თანამშრომლების აყვანა შეაჩერეს.
„ის კლიენტები და კომპანიები, რომლებიც აქამდე აქტიურად ეძებდნენ თანამშრომლებს გაჩერებულები არიან. იძახიან, რომ ამ ეტაპზე აღარ გვაქვს მიმდინარე ვაკანსიები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი კლიენტი კომპანიების მხრიდან ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეჩერებულია“, – ამბობს დავით კენჭაძე.
მისი განცხადებით, კომპანიების პასიურობა მოლოდინებმა განაპირობა. დავით კენჭაძე განმარტავს, რომ დამსაქმებლებს ინვესტირების მოტივაცია არ აქვთ, რაც ცუდი მოლოდინების არსებობას უკავშირდება.
,,მოლოდინების თემაა. როდესაც ბიზნესს არ აქვს კარგი მოლოდინი, ის აკეთებს ხარჯების ეკონომიას, არ აკეთებს ინვესტირებას. ზოგადად კომპანიის განვითარებისთვის ქვეყნის ეკონომიკის თვალსაზრისით მას უნდა ჰქონდეს დადებითი მოლოდინები და მოტივაცია. თუ ტოპ მენეჯერებსა და ინვესტორებს აქვთ მოტივაცია ისინი ავითარებენ თავის ბიზნესებს და დებენ კიდევ უფრო მეტ თანხებს.’’- აცხადებს დავით კენჭაძე.
KENCHADZE.Jobs დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ახალი კადრების ძებნის პროცესში კომპანიებმა გამოცხადებულ ვაკანსიაში მოსალოდნელი ანაზღაურება უნდა მიუთითონ და ეს საკითხი კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. დავით კენჭაძე განმარტავს, რომ ხშირად დასაქმებულის მიერ გასაუბრებაზე შეთავაზებული ანაზღაურება პოტენციური დასაქმებულისთვის მიუღებელია, რაც ორივე მხარეს აზარალებს, რადგან მათ ძიების პროცესში დრო დაკარგეს. დასაქმების სააგენტოს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ფაქტორის გამო საჭიროა ყველა განთავსებულ ვაკანსიაში ხელფასის ოდენობა მითითებული იყოს.
,,სამი წლის წინ, როდესაც დავიწყეთ საქმიანობა ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო რომ კომპანიებს აუცილებლად უნდა მიეთითებინათ ანაზღაურება. ამის გარეშე ჩვენთან არც ერთი ვაკანსია არ დადებულა. სამი წლის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ 5 000 ადამიანს და ყველა შემთხვევაში მითითებული იყო ანაზღაურება. ჩემი აზრით კანონმდებლობაში უნდა იყოს ეს თემა გაწერილი, რომ თუ ღია ვაკანსიას ავრცელებ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ანაზღაურება. ეს არის სამართლიანი მოთხოვნა. ხშირ შემთხვევაში პოტენციური კანდიდატები აღარ მიდიან გასაუბრებაზე, რახან შემოსავალი არ არის მითითებული. ამან განაპირობა ის, რომ კომპანიები იძულებულები არიან ეს გააკეთონ. რამდენად საინტერესოა მიხვიდე გასაუბრებაზე, მეორე მხარემ ჩაატაროს გასაუბრება და ბოლოს გაიგო ხელფასის ოდენობა, რომელიც საერთოდ არ არის შენს ინტერესებთან ახლოს. დრო დაკარგა ორივე მხარემ. ბევრი კომპანია ვერ ხვდება, რომ ტყუილად ხარჯავს დროს. წესით აბსოლუტურად ყველა ვაკანსიაზე უნდა იყოს მითითებული ანაზღაურება. გარდა ტოპ ვაკანსიებისა. აქ შეიძლება დიდი რეინჯი იყოს მითითებული, რადგან ტოპ ვაკანსიებში ძირითადი ნაწილი საბონუსეა, რომელიც შედეგზეა მიბმული.’’- აცხადებს დავით კენჭაძე.
