ინვესტორი კომპანიის მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები, სამუშაოების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე: კლდეების ჩამოჭრა, მდინარის დაბინძურება, ხეების მოჭრა, უკანონო მშენებლობა, ტერიტორიის შემოღობვა, წიაღისეულის უნებართვო მოპოვება, გამოყენება და სხვა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოძახებით, რის შედეგადაც მათ უწევდათ „კანიონი 350“-ის აშკარა კანონდარღვევაზე რეაგირება და შესაბამისი ოქმების შედგენა. 20 ოქტომბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ოქმები და საქმისწარმოების მასალები სრულად, რაზეც პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, თანაც წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ ბოლო ერთი თვის მონაცემებს და კანონდარღვევების არასრულ ჩამონათვალს. დეპარტამენტის მიერ, მათი ოფიციალური პასუხის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, „კანიონი 350“-ის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის და ჩადენილი უკანონობის დაფიქსირება 6-ჯერ მოხდა და დაკისრებული ჯარიმის სავარაუდო ოდენობამ 3000 ლარი შეადგინა, რაც მცირე ნაწილია იმ უკანონობისა, რასაც ინვესტორი კომპანია ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიციის ხელშეწყობით ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ახორციელებს: • კომპანიამ ოთხჯერ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებურ დაკავებას გულისხმობს და თითოეულ შემთხვევაზე 200 ლარის ოდენობის თანხის გადახდას ითვალისწინებს. • მათ მიერ მოხდა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რაც იწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე. • კომპანიის მხრიდან წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევით განხორციელებული სამუშაოები იწვევს დაჯარიმებას 400-დან 700 ლარამდე. მოვითხოვთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან, კანონის სრული დაცვით მოხდეს ყველა კანონდარღვევაზე რეაგირება და გამოთხოვილი ინფორმაცია გადმოგვეცეს სრულად.
◘ მდინარე ეკუთვნის ხალხს! ◘ ოდაბადე არ იყიდება!