“კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი” – ენმ პრეზიდენტს მათი შეწყალებისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ძმები წულუკიძეები და ელდარ ანთაძე შეიწყალოს. ბათუმში დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრებმა აღნიშნეს, რომ წულუკიძეები პოლიტიკური ნიშნით ჩასვეს ციხეში. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაკავებულებს 4-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც სააპელაციო სასამართლომ გუშინ ძალაში დატოვა.
„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა სპორტსმენი, პატრიოტი ადამიანების, ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო კარგად იცის საზოგადოებამ. მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბერკეტები, რომელშიც არიან დღეს კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები მამა-შვილი რიჟვაძეები, რომელიც ერთი მთავრობის თავმჯდომარეა და მეორე პოლიციის მაღალჩინოსანი, ეცდებოდნენ ამ ადამიანების მოსყიდვას და თანაც ბიუჯეტის ფულით, ამხილეს ამ ადამიანებმა და ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა, კლანურმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი და დატოვა პატიმრობაში, როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს და არ ეგუება იმ რეალობას.” – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა დღევანდელ ბრიფინგზე
ცნობისთვის, ძმებ წულუკიძეებსა და ელდარ ანთაძეს არეულობის ორგანიზებასა და ძალადობაში სდებდნენ ბრალს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ისინი მამა-შვილ რიჟვაძეების ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან.
ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები -მ 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.