კიცხში ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი 1 278 332 ლარი დაჯდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ზესტაფონსა და ხარაგაულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
„თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად ზესტაფონში, ქალაქის მე-2 და მე – 4 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სკოლებში საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზები მოეწყობა, დამონტაჟდება გათბობის სისტემები, ასევე, სკოლები აღიჭურვება შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით. ორივე შენობა უზრუნველყოფილია ლიფტით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, 1500 – მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
სამუშაოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ფინანსდება.
ხარაგაულში, სოფელ კიცხში უკვე დასრულდა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 1 278 332 ლარია.
კიცხის სკოლამდელი დაწესებულება რიგით მე-16 ახალი საბავშვო ბაღია, რომელიც ხარაგაულში ბოლო წლებში აშენდა.
რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით, ხარაგაულის მერიამ სოფელ თეთრაწყაროში ახალი მინი სტადიონის მშენებლობაც განახორციელა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.