კიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა – “შტურმმა” ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

ავსტრიის თასის ფინალში „შტურმმა“ „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა და მეექვსედ მოიპოვა ტიტული.
„შტურმმა“ დედაქალაქურ გუნდს გასულ თვეში ჩემპიონატზე ორჯერ მოუგო, ამჯერად დაძაბული მატჩი გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის ბოლოს ვენელები ზაიდლმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვერფელდმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 81-ე წუთზე კი კიტეიშვილმა საჯარიმოში ქუსლით ჰორვატს კოხტა პასი გაუკეთა და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.
„შტურმი“ ბუნდესლიგის ლიდერია და 5 მაისს „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს. ასე რომ, კიტეიშვილს “ოქროს დუბლის” შანსი აქვს.
შტურმი – რაპიდი 2:1
გოლები: 0:1 ზაიდლი (43),
1:1 კვერფელდი (50, სკ. კარში), 2:1 ჰორვატი (81)