ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება მას შემდეგ, რაც შაბათს ლონდონში ანტიიმიგრაციულ მარშს 100 000-ზე მეტი დემონსტრანტი შეუერთდა, თუმცა მან დაგმო პოლიციაზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზეა აგებული.
„ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების ძირითადი ნაწილია.
მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქუჩებში შიშს გრძნობენ თავიანთი წარმომავლობის ან კანის ფერის გამო“, – განაცხადა სტარმერმა.
მედიის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ მარშში დაახლოებით 110 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. პოლიციის ცნობით, 26 პოლიციელი დაშავდა, 25 ადამიანი დააკავეს , თუმცა მოსალოდნელია, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება.
