კირ სტარმერი უკრაინის საკითხზე „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შაბათს უკრაინის საკითხზე ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მეორე შეხვედრას გამართავს“, – განუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.
ლიდერების შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.
შეგახსენებთ, 2 მარტს ლანკასტერის სასახლეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლიდერთა სამიტს უმასპინძლა. სამიტის დასრულების შემდეგ კირ სტარმერმა უკრაინის დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა.
ამასთან, ოთხშაბათს პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.