რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება და ევროპის მასშტაბით ჩარევა სურს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, რომ პუტინს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დაბომბვების გაგრძელება, არამედ ევროპის მასშტაბით სხვადასხვა საშუალებით ჩარევა სურს, იქნება ეს საჰაერო სივრცის დარღვევა, კიბერშეტევები თუ რაიმე სხვა სახის თავდასხმები“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, საფრთხეების ფონზე უკრაინისა და ნატო-ს გაძლიერება აუცილებელია.
„ჩვენ ამას ყველა საშუალებით უნდა ვებრძოლოთ. ეს ყველასთვის მკაფიო შეხსენებას წარმოადგენს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს არ ეხება. ეს ყველა ჩვენგანის ღირებულებებისა და თავისუფლების საკითხს წარმოადგენს. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
