ჩვენს ქვეყანაში პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია – იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და ნაციონალური მოძრაობის წევრი. დაველოდოთ, მას საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის რამდენიმე თვეღა დარჩა. ნამდვილად რთულია, ასეთ ადამიანზე, ამ პიროვნებაზე თქვა დიპლომატიური, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია – თავი რომ დავანებოთ ვენის კონვენციას, მთავარ დოკუმენტს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, დახია, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე გადაიხია.
მისი თითოეული განცხადება პარტიულია. პირობითად, ნიკა გვარამია და პეტერ ფიშერი ერთი რიტორიკით გვესაუბრება და ესაუბრება ჩვენს საზოგადოებას. ის არის ადამიანი, რომელიც რიტორიკულად თუ ქმედებით, ნაცებთან ერთად, შანსს არ ტოვებს, რომ ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენოს – ეკონომიკური თუ რეპუტაციული. ის არის ადამიანი, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ და საკმაოდ დიდი ნაბიჯებით, საკმაოდ სწრაფად ხელი შეუწყო, რომ რაღაც პერიოდში, ისტორიულად ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობა დაენგრია – მაგრამ, როგორც ბრიუსელში პოლიტიკურ ელიტებსა და არარჩეულ ბიუროკრატიას ვეუბნებით, ასევე ვეტყვით მათაც, რომ ჩვენთვის პეტერ ფიშერი გერმანია არ არის.



