ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ შეუძლებელია და ვფიქრობ, ეს ფართოდ იქნა მიღებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, – ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ისეთი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელსაც რუსეთი მიიღებს, დმიტრიევმა უპასუხა, რომ „შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული ფორმით მისაღები იყოს რუსეთისთვის“.
„ვფიქრობ, თქვენ იცით, მე ორიენტირებული ვარ ინვესტიციებზე და ეკონომიკაზე, ასე რომ, კონკრეტულ საკითხებზე უფრო ჰიპოთეტურად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ შეუძლებელია და ვფიქრობ, ეს ფართოდ იქნა მიღებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, გარკვეული ფორმით, შეიძლება მისაღები იყოს რუსეთისთვის“, – აღნიშნა დმიტრიევმა.
შეგახსენებთ, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება. მან გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით ჩავიდა.
