რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის” მიზანი უკრაინის კიდევ უფრო მეტი დანაკარგებისგან გადარჩენაა.
„ბევრი ადამიანი, ომის წამქეზებლების პროპაგანდის წყალობით, ვერ ამჩნევს იმ ფაქტს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის გადარჩენას ტერიტორიებისა და სიცოცხლის კიდევ უფრო დიდი დანაკარგისგან. უფრო ახლოს დააკვირდით მათ, ვინც მკაცრად აკრიტიკებს სამშვიდობო გეგმას და იმას, თუ როგორ სარგებლობენ ისინი დაუსრულებელი ომიდან“, – წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ომის წამქეზებლებს ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა სურთ.
„ახლა კი ისინი ყველაფერს აკეთებენ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმის საბოტაჟისთვის. მათ ეს ადრეც გააკეთეს, როდესაც ბორის ჯონსონმა უკრაინას ნეიტრალიტეტის უარყოფისა და ბრძოლისკენ უბიძგა“, – წერს დმიტრიევი.




