კირილ ბუდანოვი – რუსეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გადაიარაღებას და ამისთვის 1.1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს

რუსეთი შემდგომი ომისთვის ემზადება და გადაიარაღებაზე 2036 წლამდე, დაახლოებით, 1.1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა, უკრაინის ელჩების შეხვედრაზე, სახელწოდებით „დაზვერვა, უსაფრთხოება, დიპლომატია: გამარჯვების საერთო სტრატეგია“ განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ს ფედერაციისთვის ყველაზე მასშტაბური შეიარაღების პროგრამა იქნება.
„რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების სრული მობილიზაციაა მომავალი ფართომასშტაბიანი ომისთვის მოსამზადებლად“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსეთში სამხედრო რეფორმის ფარგლებში უკვე შეიქმნა ორი ახალი სამხედრო ოლქი – მოსკოვისა და ლენინგრადის, ასევე იგეგმება ახალი დივიზიების, ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების ფორმირება.
ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსები ცდილობენ ჰიბრიდული საინფორმაციო და კიბეროპერაციების განხორციელებას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, კონტროლირებადი მედიისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით.
„მოსკოვის მიზანია, ქვეყნებს თავს მოახვიოს მსოფლიოს მომავალი მოწყობს შესახებ საკუთარი ხედვა, სადაც „დიდი“ სახელმწიფოები, პირველ რიგში რუსეთის ფედერაცია, ფლობენ სრულ ძალაუფლებას, მონოპოლიას ყველა კრიტიკულ რესურსზე და ჩაკეტილ წრეში წყვეტენ მსოფლიოს ბედს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.