78 წლის კირა ანდრონიკაშვილის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა და ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალბატონი კირას საოცარმა გარდასახვამ გულგრილი არავინ დატოვა და მისი ნიჭითა და სილამაზით საზოგადოება კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა.
კირა ანდრონიკაშვილი: ბახვა ბრეგვაძემ მიმიპატიჟა „სარაჯიშვილის“ რეკლამის გადასაღებად. მხატვარი ქეთი ხერხეულიძე გახლავთ, მაკიაჟს მარი ხუციშვილი მიკეთებდა და მთელი გუნდი, რომელიც ამ რეკლამაზე მუშაობდა, უნიკალური ახალგაზრდებისგან შედგება. ისეთი კარგები იყვნენ, გაოცებული ვიყავი. ბახვამ ადრეც გადამიღო „სარაჯიშვილის“ რეკლამაში და მათი მუშაობის სტილი ძალიან მომეწონა. მაშინაც და ახლაც „ჰოლივუდში“ მეგონა თავი (იცინის). ბევრი ისეთი სამოსი მომაზომეს, როგორსაც მე არ ვატარებ, მაგრამ ყველა ძალიან მომეწონა. ყველა კოსტიუმში ჩემში დიდი გარდასახვა ხდებოდა. აბსოლუტურ ნეტარებაში ვიყავი. ცოტა მოვწრუპე კიდეც, მერე მუსიკაც მოვთხოვე და ჩამირთეს. ყოველი გარდასახვისას ტაშს უკრავდნენ და ამდენი სიყვარულისგან ცოტა შევშინდი, ვფიქრობდი, ნეტავ ხომ არ ვკვდები-მეთქი.
ამ ფოტოს გამოქვეყნებას მართლა ბუმი მოჰყვა. ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. არ ვიცი, ასეთ მოკლე დროში ასე როგორ გახმაურდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემს შვილს ამერიკიდან ურეკავდნენ. ერთმა ისიც კი უთხრა, „ჰოლივუდმა“ ვარსკვლავი დაკარგაო. ისეთი ამბებია, მეშინია, რომ ვთქვა. ერთმა ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა გურიიდან დამირეკა. მითხრა, მთელი გურია თქვენზე ლაპარაკობსო. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ამ რეკლამამ განსაკუთრებით დიდი წარმატება მომიტანა მეც და ალბათ, მათაც, ვინც გადაიღო. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ.
ძალიან ბევრ ფილმში ვარ გადაღებული, მაგრამ მე სამსახიობო არ დამიმთავრებია. უნივერსიტეტში, ისტორიულზე ვსწავლობდი. შალვა ამირანაშვილის ჯგუფში ვიყავი და სულ ხელოვნების მუზეუმში მქონდა პრაქტიკები. გადაღებები, ჯერ კიდევ სკოლის პარალელურად, მერვე კლასიდან დაიწყო. ყველაფერი თავისით ხდებოდა. სკოლაში მოდიოდნენ, ამომირჩევდნენ და ფილმში მიღებდნენ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება ამ მიმართულებით წავიდა.
– ალბათ, ამიტომაც ამბობთ ხოლმე, მსახიობობა მე არ ამირჩევია, ამ პროფესიამ თვითონ ამირჩიაო…
– კი, ასეა. ვგრძნობდი, რომ მე შემეძლო გარდასახვა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი არ ვიყავი, ეს კარგად გამომდიოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია ლანა ღოღობერიძის ფილმი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც სამ ნოველას აერთიანებს. ძალიან გავითავისე და მეგონა, რომ მართლა ის გოგონა ვიყავი, ვისი როლიც ფილმში მოვირგე. „მთვარის მოტაცებაში“ ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო ჩემი პარტნიორი და ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთ მსახიობთან რომ მიწევდა თამაში, როგორ ვღელავდი, მაგრამ როგორც ამბობენ, იქაც გამომივიდა. სულ რაღაც იყო, არაერთი საინტერესო როლი ვითამაშე და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ასე აეწყო. ჩემს შვილსაც იღებდნენ ფილმებში და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოჯახი შექმნა და გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ახლა მეც ხშირად მეუბნებიან, არ გამოგიყენეს რეჟისორებმაო. საქმე ისაა, რომ მეტად ვერც გადამიღებდნენ. მე ძალიან ადრე გავთხოვდი. 18 წლის ვიყავი პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა. ჩვენ არავინ გვემსახურებოდა. შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი. სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და ასე შემდეგ. მაშინ ჩვენ არ გვქონდა ისეთი პირობები, როგორიც ახლაა. მაგალითად, სოფელში რომ მივდიოდი, ყველაფერს ცივ წყალში ვრეცხავდი.
მე არ მინდოდა, დედა ან ვინმე სხვა ჩემი მოსამსახურე ყოფილიყო. ყველას აქეთ მივართმევდი ყველაფერს. დედიკო ძალიან ბევრჯერ მომხმარებია, მაგრამ ცხოვრებაში არ მიფიქრია, ლამაზი გოგო ვარ, ამიტომ უნდა ვიჯდე და სხვები მემსახურონ-მეთქი. გული და გონება ყოველთვის მისწრებს, რომ სხვებს მოვემსახურო. ამხანაგების გამოყენება რომ იციან, ერთი ერთს უკეთებთ, მეორე – მეორეს, ეგეთი რამეები არასდროს მიყვარდა. მე ადამიანი მიყვარს, მთელი გულით მიყვარს და არავითარი სხვა აზრი არ მაწუხებს. სხვისი გამოყენების ნიჭი არ მაქვს და არც მინდა, მქონდეს. თუ დედამ და მამამ გენეტიკურად კარგი გარეგნობა გიბოძა, შენ მხარ-თეძოზე წამოწოლილი უნდა იყო თუ რა?! არ მესმის მათი, ვინც ასე ფიქრობს.
– არადა, ყველას წარმოუდგენია, რომ ძალიან ვარსკვლავური ცხოვრება გქონდათ…
– რატომ, „ჰოლივუდში“ ვცხოვრობდი? ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი ჩვეულებრივი ცხოვრებით და ასე ვარ დღესაც. მაშინ „კერასინკები“, ანუ ნავთქურები გვქონდა, რომელსაც ნავთი სჭირდებოდა. რამდენჯერ წავსულვარ ჩემი ბიდონით, რიგში ჩავმდგარვარ ნავთისთვის და ბიჭები მეხმარებოდნენ მის სახლში მიტანაში. ჩვენს სახლში ასე იყო მიღებული, შვილი ყველა საქმეში იღებდა მონაწილეობას. დედიკოს სტუმარი რომ მოუვიდოდა, აუცილებლად მივეხმარებოდი. ძალიან მიყვარდა საჭმელების კეთება. მამა წყალთა მეურნეობის სამინისტროს მთავარი ინჟინერი იყო. თბილისის ზღვა მისი ხელძღვანელობით არის გაკეთებული და კიდევ ძალიან ბევრი რამ. კახეთში ატარებდა დიდ დროს, არხები გაჰყავდა. სულ კახეთში ვიყავით, იქ ვქირაობდით საცხოვრებელს და ნამდვილად არ გვქონდა განსაკუთრებული პირობები. ჩვენც ისეთივე ჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდა, როგორიც ყველას. ერთ დღეს მამასთან მინისტრები ჩამოვიდნენ. მაშინ არავინ იყო გაფეტიშებული თანამდებობის და ფულის გამო. ხალხი უფრო მოკრძალებულად ცხოვრობდა. სტუმრები რომ მოვიდნენ, დედიკოს ვთხოვე, ყველაფერს მე გავაკეთებ-მეთქი, 14 წლის ვიყავი. ჩანახი და კიდევ ბევრი კერძი მოვამზადე და ეს მინისტრების ცოლები გაგიჟდნენ, ამბობდნენ: არა ჩემი რძალი უნდა იყოს, არა ჩემიო (იცინის). სახლის საქმეც ძალიან კარგად ვიცოდი. ვერის ბაღის წინ ვცხოვრობდით და მეზობელსაც სიამოვნებით ვეგზავნებოდი ბაზარში თუ მაღაზიაში. ეს ძალიან მიხაროდა. როცა ჩემს ცხოვრებაში მეუღლე და შვილები გაჩნდნენ, მით უმეტეს, ძალიან ბევრს ვშრომობდი. ზოგჯერ შრომისგან ხელები და ფეხები მტკიოდა, მაგრამ ჩემს თაობაში ყველა ასე იყო.
– უამრავ ვარსკვლავთან ურთიერთობის ბედნიერება გქონდათ. მათგანაც იგრძნობოდა უბრალოება?
– რუსთაველის თეატრიდან მედეა ჩახავა რომ გამოვიდოდა, ისე გამიყრიდა ხელკავს, თითქოს ტოლები ვიყავით და ერთად მოვდიოდით. მე მაშინ პატარა და საოცრად ამაყი ვიყავი, რომ ასეთ ადამიანთან ერთად მოვსეირნობდი რუსთაველზე. ლეილა აბაშიძე ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდა და ტრამვაით მივდიოდით ხოლმე ერთად კინოსტუდიაში, სადაც მამიდაჩემი – კირა ანდრონიკაშვილი მუშაობდა და მასთან მივყავდი ხოლმე. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთ ვარსკვლავთან ერთად სიარული ჩემთვის რას ნიშნავდა.
მედეა ჯაფარიძე მიყვარდა ძალიან და ძალიან ხშირად მქონდა მასთან ახლო კონტაქტი. მამიდაჩემი, ნატო ვაჩნაძე, დილით რომ ადგებოდა, მთელ სახლს აპრიალებდა. ყველაფერს თავისი ხელით ალაგებდა. უნდა გენახათ, როგორ ღვეზელსა და ბულიონს ამზადებდა იმ ნავთქურაზე. დიდ სუფრებს რომ შლიდა, ჯერ ბულიონი და ღვეზელი შემოჰქონდა, რომ კაცებს პირდაპირ ღვინის სმა არ დაეწყოთ და არ დამთვრალიყვნენ. ელენე ახვლედიანი, გოგლა ლეონიძე – ვის აღარ ნახავდით მასთან.
ჩემს ქუჩაზეც საოცარი ამბავი იყო: ჭილაძეები, ნიაზ დიასამიძე, ნოდარ დუმბაძე, გოგი ცაბაძე, რეზო ლაღიძე… საოცარი გარემო იყო. არ ვამბობ, რომ იმ პერიოდში პრობლემები არ გვქონდა, მაგრამ სულიერებას უფრო დიდი ადგილი ეკავა.
მაშინ ჩვენ ყველა ფეხით დავდიოდით ძალიან ბევრს და ეს საუკეთესოდ მახსენდება. რადგან თქვენს ჟურნალს „თბილისელები“ ჰქვია, მინდა, თქვენი საშუალებით, იმ საუკუნის თბილისელებს შევთავაზო – გავიდეთ ერთხელ რუსთაველზე ერთად და ვისეირნოთ ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით.