საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა.
როგორც კინოფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერია სუბსიდიის გარეშე ფესტივალს ჩაშლის საფრთხე ემუქრება.
პოსტში წერია, რომ ამ ეტაპზე კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც არ აქვს დაფარული. ეროვნული კინოცენტრი TIFF-ის სპონსორი 20 წლის განმავლობაში იყო.
კინოფესტივალის ორგანიზატორების აზრით დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივა თეა წულუკიანსა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კობა ხუბუნაიას ეკუთვნის.
“მინისტრის და მისი მოადგილის ეს გადაწყვეტილება სავსებით ჯდება მათ მიერ წარმოებული კულტურის პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა მიმართულია განსხვავებული აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მინისტრი განარისხა იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა აქციით გამოხატა უკმაყოფილება მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე იმით, რომ კინოფესტივალის დროს დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია საქართველოს კინოინსტიტუტი, რომელიც ეროვნული კინოცენტრისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვადასხვა თაობის ხუთასამდე კინემატოგრაფისტს აერთიანებს. თბილისის კინოფესტივალისთვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხრივ დაფინანსების შეწყვეტა სადამსჯელო აქტია ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ.
ჩვენი სურვილია, მივაწვდინოთ ჩვენი პროტესტის ხმა თბილისის კინოფესტივალის ყველა მეგობარს, პარტნიორს, დონორს თუ სპონსორს მთელს მსოფლიოში, ვუამბოთ მათ ამ უსამართლობის შესახებ და ვთხოვოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება”. – წერია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადებაში.
2023 წლის კინოფესტივალზე ფინანსური სუბსიდირების მიუხედავად პრესკონფერენციაზე არ მივიდა კინოცენტრის არც ერთი წარმომადგენელი.
2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.
თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს. ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.
11 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებდნენ.
რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილი მალევე წაიშალა.
20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. 23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა. 28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.
“კინოცენტრის რეორგანიზაციაშია” ჩართული პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი და წამყვანი ბაჩო ოდიშარია.