კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბის ღია წერილით პასუხობს.
„ბოლო დროს ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროსკავშირის და მისი წევრი კონკრეტული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის, ე. წ. “სამოქალაქო საზოგადოების“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ განხორციელებულ, კარგად კოორდინირებულ შეტევას, რომლის მიზანია შექმნას ჩვენს მოსახლეობაში განცდა, თითქოს საქართველო ასცდა ევროპულ გზას და ანტიდემოკრატიული ქმედებებით უფსკრულისკენ მიექანება. ჯერ იყო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით აუქმებს ქართულ ჯართან ერთად დაგეგმილ წვრთნებს. შემდეგ აშშ-ის ელჩმა გვამცნო, რომ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გადახედვა მიმდინარეობს. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება გავრცელდა, რომელმაც ამერიკელების დავალებით გვახარა, რომ ქართული ჯარისათვის გამოყოფილი 30 მილიონიანი დახმარება გაყინულია, ამიტომ ეტყობა უმჯობესია, ეს ფული რომ გალღვეს, თანხა არასამთავრობო სექტორისა და მედიის განვითარებას მოხმარდეს. გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, პირადად მიაწოდა კონკრეტულ მედიასაშუალებებს ინფორმაცია, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, გერმანიამ საქართველოსათვის მილიარდ 500 მილიონი გამოყო და მიუხედავადა იმისა, რომ ამ თანხის 80% კრედიტია, მისი აზრით, ეს არის საქართველოსთვის გაცემული უდიდესი წყალობა. კოლეგებს არც საფრანგეთის ელჩი ჩამორჩა: შერაზ გასრიმ მედიას განუცხადა, რომ „გადაწყვიტეს დროებით შეაჩერონ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში“, ისე რომ არც არასოდეს დაუწყიათ.
თუმცა, ამ საჯარო ფარისევლობის კულმინაცია უდავოდ იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის, ჯონ კირბის ინტერვიუ, სადაც მოქმედი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, პირდაპირ და თავხედურად ერევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საქმეებში, უხეში მუქარის ტონით და ბატონყმური ქედმაღლობით მოძღვრავს ქართველ ხალხს! მსგავსი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, მე, საბჭოთა კავშირში დაბადებულ კაცს, კარგად მახსოვს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, მისტერ კირბის ვნებებზე, სამხედრო წვრთნების შეჩერების და ურთიერთობების გადახედვის მუქარის შესახებ, ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გაგიზიაროთ.
წლების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, იქნებოდნენ ეს საქართველოში მომუშავე დიპლომატები თუ მოქმედი ადმინისტრაციის სხვადასხვა თანამდებობის პირები, აწარმოებდნენ ფარისევლურ პროპაგანდას, რომ აშშ არის ჩვენი უმთავრესი მეგობარი და პარტნიორი, იმ საბაბით, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ჩვენს ხალხს მადლიერების გრძნობა არ ღალატობს, რაც არაერთგზის დადასტურდა. თუმცა, როგორც კი დაისვა საკითხი გარკვეულიყო, თუ რას მოხმარდა ეს თანხები, ხელისუფლება რომელმაც ეს განიზრახა, იმწუთიერად მტრად გამოცხადდა. მიზეზი მარტივია – ჯერ ერთი, არანაირი 6 მილიარდი ამერიკას საქართველოში არ დაუხარჯავს, ეს თანხა დაახლოებით 4 მილიარდს შეადგენს და რაც მთავარია, ამ თანხის 90% საკუთარი აგენტურის გამოზრდა დაფრთიანებას, ხელისუფლებაში მათ მოყვანას და შენარჩუნებას დაახარჯეს. პარალელურად დოლარების სოლიდური ნაწილი ე.წ. “სამოქალაქო საზოგადოების“ ანუ უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის რეზიდენტურების შექმნას მოახმარეს. ამიტომ ლოგიკურია, რომ როგორც კი დღის წესრიგში დადგა საკითხი, დეტალურად აღწერილიყო თანხების წარმომავლობა და მათი ხარჯვის მიზნები, გულყრა დაეწყოთ. როგორ თუ გავბედეთ და ჩვენს ქვეყანაში დახარჯული უცხოური ფულის მიზნობრიობის საკითხის შესწავლა მოვინდომეთ. ეჭვგარეშეა, რომ კეთილი საქმისთვის დახარჯული ფულის ასავალ-დასავალს არავინ მალავს. არც ჩვენ გვავიწყდება საჯაროდ მადლიერების გამოხატვა სიკეთის ქმნაზე. ასეა მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. მიუხედავად ამისა, ათეულობით წლებია ვისმენთ სიყალბეზე დაფუძნებულ ამერიკულ პროპაგანდას, ჩვენზე უანგაროდ გადაყოლილი უფროსი ძმის შესახებ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო – აშშ-ის ემისრები არ დააყოვნებდნენ, ააფრიალებდნენ საბუთებს, წვრილ-წვრილად განუმარტავდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორ და რა თანხებით ააშენეს და გაამშვენეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ ნეოლიბერალური სიცრუის ბურუსში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გაეხვა. შედეგად “დასავლური ფსევდო ღირებულებების“ ანაბარა დარჩენილებმა, არაერთგზის სცადეს საკუთარი სამშობლოს ცეცხლის ალში გახვევა.
ვფიქრობ, დღეს უკვე ყველა გონიერი ადამიანისთვის, და არა მარტო საქართველოს ერთგული მოქალაქისთვის, ევროსატლანტიკურ სივრცეში გავრცელებული პოლიტიკური შიზოფრენიის ფონზე, ადვილად გასაგები უნდა გამხდარიყო, რატომ გამოიწვია ქართულმა კანონმა გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენი ჭარბადმოსიყვარულე პარტნიორების წრეში, ასეთი დაუოკებელი რისხვა. სერიოზული საფრთხე შეექმნა აგენტურული ქსელების დაფინანსებას და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ამერიკის – საქართველო საკვანძო ქვეყანაა უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში, მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალით. საკუთარი თვალი, ყური და გავლენა, ყველას სწადია ჰქონდეს აქ!
ჯარისთვის წვრთნების შეჩერება და ამ ნაბიჯის აპოკალიფსად წარმოჩენა, ისევე როგორც ევროპული ორიენტაციიდან ვითომდა გადახვევა, სპეცსამსახურების პროპაგანდის იმ სახელმძღვანელოდანაა აღებული, რომლიდანაც ჯერ ტერმინი “ოლიგარქის მმართველობა“, შემდეგ “რუსული კანონი“ და ბოლოს “რუსული ხელისუფლება“ ამოაცურეს და ადგილობრივ თუ გარე აგენტურას გადასცეს გასაჟღერებლად. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არც ამერიკა და არც ნატო ქართულ ჯარს იმისათვის არ წვრთნიდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე ანდა უსაფრთხოებაზე ეზრუნათ. ჯარს წვრთნიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო დროს საკუთარი უსაფრთხოებისა თუ ექსპანსიონისტური მიზნებისათვის გამოეყენებინათ. ამიტომ იყო, რომ ჩვენივე ბიუჯეტის ფულით თუ აღებული სესხებით აღჭურვილი ჩვენი ჯარის შენაერთები, ათწლეულების განმავლობაში, ჯერ სხვადასხვა მისიებში გამოიყენეს, ხოლო შემდეგ, 2008 წელს, მათივე ფუჭი დაპირებებით და ადგილობრივი აგენტურის მიერ პროვოცირებულ ომში, ჰუმანიტარული წყლის ანაბარა მიატოვეს. თითქოს წინასწარი რეპეტიცია ჩაატარეს. უკვე მაშინ იკითხებოდა, რომ ჩვენ, რაღაც დიდი, ძალიან სახიფათო თამაშისთვის გვამზადებდნენ.
ეს დროც დადგა. რუსეთ-უკრაინის ომი! დღეს ბავშვმაც კი იცის და ყველაზე უკეთ ელჩმა დეგნანმა, რომ წინასწარი გეგმით, მეორე ფრონტი სწორედ საქართველოში უნდა გახსნილიყო! როდესაც ამ თვითგამანადგურებელ ნაბიჯზე საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცე უარი განაცხადა და საზარბაზნე ხორცად გამზადებული ქართული ჯარი სათვალავში გამოაკლდათ, გადაირივნენ. როგორ თუ ვეურჩებით! აბა რაზე დახარჯეს ამდენი დრო, ენერგია და ფინანსები. გამწარებულები იმუქრებიან – ჯარის წვრთნები ხომ გავაჩერეთ, ურთიერთობებს გადავხედავთ, ნატოში არ მიგიღებთ, ევროსკავშირის გზას გაგიყინავთ! სულ ტყუილი და ფარისევლობა! არც ნატოში აპირებდნენ ჩვენს მიღებას და არც ევროსკავშირში, ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში მაინც! ამიტომ, სანამ შემდეგ სიბეცეს ჩაიდენენ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი ყველანაირ წვრთნაზე, აღჭურვასა და ფინანსურ მანიპულაციაზე, რომლის მიზანი არა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არამედ სხვის ომებში ჩათრევა და გამოყენებაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი, ვინც “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ სულისკვეთების მქონე, ორპარტიული “MEGOBARI.act”-ი მოიგონეს, (მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია!) ჩვენ როგორც მეგობრებს და თანაბარ პარტნიორებს არ გვიყურებენ, ისევე როგორც არ უყურებენ ასე უკრაინას. ჩვენ მათ გლობალური მიზნების მისაღწევად ვჭირდებით და ეს უკრაინის მაგალითზე ნათლად ჩანს. ნაცარტუტად ქცეულ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, განადგურებულია გენოფონდი, დაკარგულია ტერიტორიების 25%, ეკონომიკა მთლიანად ჩამოქცეულია, მოსახლეობის 60% ან შიდა მიგრაციაში ანდა საზღვარგარეთ არის გაქცეული. ქვეყანას აღარც ძალა და აღარც საკმარისი ადამიანური რესურსი გააჩნია, რომ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. მიუხედავად ამ კატასტროფისა, ორპარტიული მეგობრები და ევროსკავშირელი ნატოელები, უკრაინას საომარი მოქმედებების შეჩერების უფლებას არ აძლევენ. “ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა გაგრძელდეს!“ – აღარც კი ერიდებიან ამის საჯაროდ განცხადებას.
ამ ომის დაწყების დროს, საქართველოს ხელისუფლებაში, ისე როგორც უკრაინის, მათი აგენტურა რომ ყოფილიყო, საქართველო ახლა უარეს მდგომარეობაში იქნებოდა. ან საერთოდ, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა – ესეც საკითხავია. ამიტომ, რაც მალე მოვაცილებთ მათ საცეცებს ქართულ ჯარს, რაც უფრო მალე აღვასრულებთ დიდი ილიას ანდერძს რომ: “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს!“, მოვაშორებთ ამ ბატონყმობის მოსურნეთა ჭირს ჩვენ ქვეყანას, მით უფრო მალე გაჩნდება იმედი, რომ სამშვიდობოს გავალთ. საკუთარი ნიჭით, შრომით და თავდადებით დავიცავთ, ურთიერთ სიყვარულით გავაერთიანებთ და გავამშვენებთ ჩვენ სამშობლოს, შევინარჩუნებთ მამულს, ენას და სარწმუნოებას, წინაპრების ტრადიციებს, ღირსებას, მეზობლების და მეგობრების პატივისცემას. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი საუკუნოვანი განსაცდელების დროს მოვახერხეთ – დღესაც შევძლებთ, უფლის შეწევნით!
და ბოლოს, ევროსკავშირის ყბადაღებულ თემასაც შევეხები. ისევე როგორც ამერიკელების 6 მილიარდიანი დახმარება და ჯარის წვრთნების დაუდგენელი დროით გადადება, “შინ ევროპაში“ მგზავრობის შეჩერებაც, შანტაჟის იარაღად გამოიყენება. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ევროკავშირისგან მხოლოდ სახელიღა არის დარჩენილი. ერთ დროს, ქრისტიანულ ფასეულობებსა და ერების თანასწორობაზე დაფუძნებული კავშირისგან ევროსვნებებიღა დარჩა. ქართულმა კანონმა გამჭვირვალობის აუცილებლობის შესახებ ცხადყო, რომ ევროპული ბიუროკრატია მართულია ამერიკის მიერ. თავად კავშირში არის სრული ეკონომიკური სტაგნაცია. კრიზისი ისე გაღრმავდა, რომ ზამთარში მოსახლეობას პოლიცია უმოწმებს გამათბობლებს, ზედმეტი ელექტროენერგია რომ არ მოიხმარონ. ორად ორი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს გლობალური ომის პარტიას, არის სლოვაკეთი და უნგრეთი. რასაც შედეგად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი მოჰყვა, რა დროს ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ხოლო ვიქტორ ორბანი გამუდმებული ზეწოლის და შანტაჟის ფონზე, მაინც ახერხებს გონივრული და ღირსეული პოლიტიკის გატარებას ამ ბნელეთის მოციქულებით სავსე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ასეთ ევროსკავშირში საქართველოს დღეს არც არაფერი ესაქმება. მეტსაც გეტყვით – მოვა დრო, თან ძალიან მალე, როდესაც ისევ თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე, აქეთ შეგვეხვეწებიან კავშირის წევრობას. ამიტომ, ახლა არის ის მომენტი, როდესაც ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი, საით არის მიმართული ამჟამად განვითარების ვექტორი. მსოფლიო დიდია და მრავალფეროვანი. რაც მთავარია, დედამიწა ტრიალებს, დრო არ ჩერდება, სამყარო იცვლება, ეპოქას ეპოქა მოსდევს. ჩვენი ასაკის და გამოცდილების სახელმწიფოს, ამჟამინდელი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პირობებში, თავისუფალი და სწორი არჩევანის გაკეთება არ უნდა გაგვიჭირდეს.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – ნათქვამია ღია წერილში.