რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, პოლიციამ 25 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში დააკავა ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინა ბარაბაში, რომელიც ბერლინიდან ბრუნდებოდა – ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა ეკატერინა ბარაბაშის შვილმა, იური ბარაბაშმა. რუსი კინოკრიტიკოსის დაკავების შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, ასევე იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”.
იური ბარაბაშის თქმით, დაკავება უკავშირდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის II ნაწილს – რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
„ეს შეიძლება მომხდარიყო სამოქალაქო პოზიციისა და პროფესიული საქმიანობის გამო, რადგან დედა თანამშრომლობს Republic-თან (გამოცემა უცხოურ აგენტად აღიარეს 2021 წელს, რის შემდეგაც მას არ განუახლებია მედიის რეგისტრაციის მოწმობა “როსკომნადზორთან”)”, – წერს იური ბარაბაში. მისი თქმით, ამჟამად ეკატერინა ბარაბაში იმყოფება საგამოძიებო კომიტეტის დოროგომილოვოს რაიონულ საგამოძიებო განყოფილებაში.
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ადრე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში”, – უთხრა საინფორმაციო სააგენტო “ტასს” წყარომ სამართალდამცავი უწყებებიდან. მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგებიდან გამომდინარე, ბარაბაშს, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს. რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა ლაპარაკი ან რა სტატუსი აქვს ბარაბაშს, სააგენტო არ აზუსტებს.
ეკატერინა ბარაბაში ღიად აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო (ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ომს უკრაინაში). ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რომელშიც ასეთი პოზიციაა გამოთქმული, ჟურნალისტმა ფეისბუქზე 23 თებერვალს გამოაქვეყნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამი წლისთავზე:
„სამი წლის წინ, დაახლოებით ამ დროს, როდესაც დედაჩემის დაბადების დღის შემდეგ მივედი სახლში, მივიღე მოკლე შეტყობინება WhatsApp-ზე ჩემი შვილისგან: „შეეთრნენ“. და ცხოვრება თავდაყირა დადგა. ბევრი უდანაშაულო ადამიანისთვის კი საერთოდ სასტიკად დასრულდა! რამდენი წევს საძმო საფლავებში, რამდენ ბავშვი დაიტირეს, რამდენი ახალგაზრდა, ძლიერი, ლამაზი ადამიანი ვერ დაბრუნდა… რამდენი სიცოცხლე დაინგრა, რამდენი ოჯახი დაინგრა და გაუბედურდა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი ცხოვრება გავიდა ამ სამ წელიწადში, რაც არ მითხოვია. მასში არაფრის ადგილი არ არის, გარდა ბავშვების წუხილისა და სიძულვილის, სიძულვილის, სიძულვილის იმათ მიმართ, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო. წლების განმავლობაში სიძულვილმა შეწყვიტა წვა, შეწყვიტა დახრჩობა – გამოიწრთო, გაძლიერდა და ახლა ანთია თანაბარი ცეცხლით, რომელსაც ვეღარაფერი ჩააქრობს, მასთან ერთად მოვკვდები“.
ეკატერინა ბარაბაში საბჭოთა და რუსი ლიტერატურათმცოდნის, იური ბარაბაშის ქალიშვილია. ჟურნალისტი ხარკოვში დაიბადა, თუმცა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, როდესაც მამამისი მიიწვიეს სამუშაოდ „ლიტერატურული გაზეთის“ მთავარი რედაქტორის პირველ მოადგილედ, ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება რუსეთში ვცხოვრობდი, ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს ფესვებს. [მშობლებს] არასოდეს დაუკარგავთ კავშირი უკრაინასთან. მშვენივრად საუბრობენ უკრაინულად, მათ იციან და უყვართ ეს ენა. ამიტომ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ორი სამშობლო მქონდა”, – თქვა მან 2024 წლის აპრილში.
ეკატერინა ბარაბაში მრავალი ფილმის რეცენზიის ავტორია. თანამშრომლობდა რამდენიმე გამოცემასთან, მათ შორის ჟურნალ Forbes-თან, New Times-თან, Profile-თან, Такие Дела-სთან, საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსთან, რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ 2016 წლამდე. 2016 წელს ბარაბაშმა განაცხადა, რომ გაათავისუფლეს სააგენტოდან. ჟურნალისტის თქმით, მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული პოზიცია იყო.
