კინზინგერი: ოლიგარქი ცდილობს ქვეყანა რუსეთს დაუქვემდებაროს, აშშ ხალხის გვერდით დგას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, მედგრად დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოსა და -ის ალიანსი ბიძინა ივანიშვილზე ძლიერია.
ყოფილ კონგრესმენს (2011, 2023) რამდენიმეწუთიანი ვიდეო-მიმართვა აქვს ჩაწერილი, რომელიც სოციალურ ქსელ “X-ზე” გამოაქვეყნა.
მათთვის, ვინც საქართველოს შესაძლოა არ იცნობდეს, კინზინგერი ვიდეოში ჰყვება, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც დიდი მსხვერპლისა და სისხლის ფასად დაუჯდა გათავისუფლება საბჭოთა კავშირის მარწუხებისგან; რომ მაშინ, როცა მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებს ადევნებდა თვალს, პუტინის ჯარი საქართველოს მორიგჯერ მოადგა; რომ რუსეთს დღესაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.
“ქართველებმა იციან, რა არის და მათ ცალსახად არ სურთ არაფერი რუსული. ახლახან “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთს მოარგონ. გამოაფრქვიეს ტყუილები და მთელი პროპაგანდა, თითქოს აშშ-ს გააფთრებით ცდილობს საქართველო რუსეთს დაატაკოს უკრაინის გამო. ხომ ნათელია, რომ ეს არის სიგიჟე.
მათ ხელახლა დააინიციირეს “უცხოური აგენტების შესახებ კანონი”, რომელმაც უნდა აიძულოს არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად დარეგისტრირდნენ. კანონი, რომელსაც მხარს უჭერენ “ქართული ოცნების” ბატონები მოსკოვში, ვის ტვინებშიც მოიხარშა კიდეც ეს კანონი.
ამის პასუხად ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა. რამდენიმე საათის წინ ამ ხალხს მხეცურად არბევდნენ, მაგრამ ამან მხოლოდ გაამყარა ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და კიდევ მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში საპასუხოდ.
მე ახლა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, საბედნიეროდ და მთავრობაში აღარ ვარ. მაგრამ მე კარგად ვიცნობ საქართველოს და მის ხალხს. და მე მიყვარს ეს ქვეყანა.
როგორც ყოფილი კონგრესმენი ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას საქართველოში და “ქართული ოცნების” ტირანიას უპირისპირდება. თქვენ გვერდით დგას აშშ-ც და ევროპაც. თქვენ წინააღმდეგ მთავრობების მიერ მიღებული ზომები შეიძლება ბინძური იყოს ხანდახან, მაგრამ თქვენს ხმას, ქართველების ხმას, ვერასდროს ვერაფერი ჩაახშობს”, – ამბობს კინზინგერი.
ყოფილი კონგრესმენი იხსენებს ასევე ქართველი მებრძოლების დიდ წვლილს ავღანეთში, მეტიც, ყველაზე დიდ წვლილს, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. იხსენებს ფიზიკურად და მორალურად დაშავებულ ქართველებს, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში.
“იმ ჯარისკაცების ნაწილი დღეს პოლიციაში არიან. იმ პოლიციაში, რომელსაც მიღებული აქვს ბრძანება, რომ დევნოს ხალხი. ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ უარი თქვათ ამ ბრძანებების შესრულებაზე და გადადგეთ. ან სულაც შეუერთდეთ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას. ხალხს, რომელსაც სხვა არაფერი უნდა გარდა თავისუფლებისა, რუსეთისგან განცალკევებით ყოფნისა.
ამერიკა დგას საქართველოს გვერდით. ქართველი ხალხი დგას ამერიკის გვერდით. ჩვენს ალიანსს ვერაფერი შეარყევს და რუსეთის მცდელობას, ხელთ იგდოს ეს ქვეყანა, მარცხი ელის.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ალიანსი და მეგობრობა. მედგრად იდექით!”, – ამბობს ყოფილი კონგრესმენი.
As the former chairman of the #Georgia caucus in congress, I have a message for the people of the nation of Georgia: be strong. To the Georgian police: don’t oppress your people. Our alliance is stronger than Ivanishvilli. #Tbilisi #NoToRussianLaw pic.twitter.com/A8g4EDMDuy — Adam Kinzinger (Slava Ukraini) 🇺🇸🇺🇦🇮🇱 (@AdamKinzinger) May 3, 2024
რა ხდება?
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.