კიმ ჩენ ინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების ცერემონიას დაესწრო

კიმ ჩენ ინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების ცერემონიას დაესწრო, – ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
KCNA-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჯარისკაცები „გმირობისთვის“ შეაქო და აღნიშნა, რომ მისიის ფარგლებში ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა.
Reuters-ი წერს, რომ გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ბრძოლის მიზნით 14 000 ჯარისკაცი გაგზავნა. სამხრეთ კორეული, უკრაინული და დასავლური წყაროების ცნობით, მათგან 6 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.